ლარმა, გამყარების შემდეგ, მოულოდნელად გაუფასურებისკენ აიღო გეზი. ამ პერიოდში ამას არავინ ელოდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, შარშან და შარშანწინ, ანალოგიურ პერიოდში, ეროვნული ვალუტა დიდი სისწრაფით მყარდებოდა, წელს კი მდგომარეობა საპირისპიროდ შეიცვალა. 9 თებერვლიდან დღემდე ეროვნული ვალუტა 5 პუნქტით გაუფასურდა. სწორედ ამიტომ სამომხმარებლო ბაზარზე დაწყებული გაიაფების ტენდენცია შეჩერდა.
ეროვნული ვალუტის მერყეობამ ფასების შემცირების პროცესი დაამუხრუჭა. მაგალითად, თუ საწვავის ფასი რამდენიმე დღის წინ კლებისკენ მიდიოდა, ეს პროცესი ლარის გაუფასურებასთან ერთად ავტომატურად შეწყდა. სპეციალისტები ჯერ მხოლოდ მოკლევადიანი პერიოდის შეფასებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ ლარი 2.46-2.50 ნიშნულს შორის იმერყევებს.
ლარის ნებისმიერი გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარს მაშინვე ეტყობა. როგორც სურსათის, ასევე სხვა სამომხმარებლო საქონლის ღირებულება თუ არ იზრდება, მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც მოსახლეობის სოციალურ ტვირთს ამძიმებს. მიუხედავად იმისა, რომ წინ ტურისტული სეზონია, ეროვნული ვალუტა გაუფასურების გზას ადგას.
რამდენიმე დღეში ლარის 5-პუნქტიან ვარდნაზე ამახვილებს ყურადღებას "ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. მისი თქმით, დოლარის ინდექსი აღმავალია, აქედან გამომდინარე, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაც არ არის გამორიცხული. უახლოესი რამდენიმე დღე ეროვნული ვალუტა 2.46-2.50-იან ნიშნულს შორის იტრიალებს. სპეციალისტი არც სამომავლოდ ელოდება ლარის მკვეთრ გამყარებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას წინ ტურისტული სეზონი ელოდება.
"შარშან და შარშანწინ ამ დროს ლარი მართლაც მყარდებოდა, მაგრამ ამით ვერ ვიმსჯელებთ ამჟამინდელ სავალუტო პროგნოზზე, რადგან ყოველწლიურად სხვადასხვა ვითარებაა. დოლარის ინდექსი იმყოფება აღმავალ ტრენდში. ამ მომენტში იგი პოზიციებს იუმჯობესებს. ჩვენი პროგნოზით, თითქმის 99%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტში აშშ-ში საპროცენტო განაკვეთი აიწევს, ანუ დოლარი გამყარდება.
ამერიკული ვალუტის უფრო დიდ კორექციას (გამყარებისკენ) მაისის ბოლოდან ველოდებით. აქედან გამომდინარე, ლარის მიმართაც იქნება ცვლილება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა ხდება ფულადი მასის ზრდა. ამაზე ეროვნული ბანკიც საუბრობს. ეს თანხა გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. ეს თავისთავად ჰპოვებს ასახვას სავალუტო ბაზარზე. დოლარზე მოთხოვნა მოიმატებს და ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი ზაფხულისკენ, მიუხედავად ტურისტული სეზონისა, ლარის გამყარებას ნამდვილად არ ელოდება.
რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ამ დღეებში ლარი იმერყევებს 2.48-2.50-ის შუალედში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის მოსაზრება, რომ ტურისტული სეზონი იწყება და ბიუჯეტი სრულდება, ნამდვილად არ განაპირობებს ეროვნული ვალუტის პოზიციების გაუმჯობესებას. ასევე ველოდებით ინფლციის ზრდას, რომელსაც ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, ვერ შეინარჩუნებს", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.
ერთ-ერთი მიზეზი, რომ ლარი პერიოდულად უფასურდება, არის ეროვნული ვალუტისადმი დაბალი ნდობა. ფინანსისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ლარის მიმართ უნდობლობა ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის. ახლაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ დანაზოგს სწორედ უცხოურ ვალუტაში ინახავს. ასევე მნიშვნელოვანია მოლოდინების მომენტიც, რომელიც პირდაპირ მოქმედებს გაცვლით კურსზე.
"ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა, მით უმეტეს ამ პერიოდში, როდესაც წინ ტურისტული სეზონია. უმთავრესი მიზეზია ის, რომ ლარის მიმართ ნდობა საქართველოში ძალიან დაბალია. ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელიც ამის ნიშანია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ცდილობს, დანაზოგი უცხოურ ვალუტაში შეინახოს.
შესაბამისად, ტრანზაქციებიც შეძლებისდაგვარად უცხოურ ვალუტაში ხორციელდება. ასეთი დაბალი ნდობის ფონზე, ბუნებრივია, ადგილი აქვს სავალუტო კურსის მუდმივ ტრანსფორმაციას.
ასევე დიდ როლს თამაშობს უარყოფითი მოლოდინის ფაქტორი. ეს პროცესი ლარის ფორმირებაზე მწვავედ აისახება. შესაბამისად, შედეგიც არ აყოვნებს და ხდება ვალუტის პერიოდული გამყარება და ასევე გაუფასურება", - განუცხადა "რეზონანსს" ცომაიამ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"