თბილისში, გაზაფხულზე 4 სახეობის 1000 ხე დაირგვება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ თამარ შარაშიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ხეები მთელი ქალაქის მასშტაბით დაირგვება და ამისთვის ერთი კონკრეტული ტერიტორია გამოყოფილი არ არის.
„ჩვენ იმ ხეების სახეობები დავამტკიცეთ, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე უნდა დაირგას. ამ ეტაპზე, საგაზაფხულო რგვებზე 1000 ხის დარგვას ვგეგმავთ. შერჩეულია 4 სახეობა. ამისთვის უნდა გამოცხადდეს ტენდერი, განხორციელდეს ამ ხეების შესყიდვა. იმ ტერიტორიების იდენტიფიცირება მოხდა, სადაც ადრე ხე-მცენარე არსებობდა, თუმცა გახმა და მოიჭრა. ამ ადგილებზე მოხდება განახლება“, - განაცხადა თამარ შარაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, გაზაფხულზე დაგეგმილია, როგორც რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია, ასევე ახალი სკვერების გაკეთებაც.