1-ელი მარტიდან, დედაქალაქის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ.
თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის ჩართულობის გარეშე პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, ამიტომ, მაია ბითაძემ თბილისის მცხოვრებლებს მოუწოდა ნარჩენები, 20:00 საათის შემდეგ მოიშორონ.
„1-ელი მარტიდან საპილოტე რეჟიმში იწყება ნაგავმზიდი მანქანების ღამის გრაფიკით მოძრაობის სქემა, რაც თავისთავად, გულისხმობს, რომ ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე, ჭავჭავაძის მიმდებარე ყველა ქუჩაზე, ნაგავმზიდი მანქანები ღამის ათი საათიდან იმოძრავებენ და მოსახლეობას ვთხოვ მხარში ამოუდგეს ქალაქ თბილისის მერიას და ნარჩენები მოიშოროს საღამოს 8 საათის შემდეგ, რათა არ მოხდეს დღის განმავლობაში ურნების გადავსება.
ჩვენ უზრუნველვყავით ურნების დამატება, ასევე რკინის ურნების ჩანაცვლება პლასტმასის ურნებით, რათა ხმაური მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა, მაინც მოსახლეობის მხარდაჭერისა და აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელი იქნება ამ საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სეპარირების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, ხელს შეუწყობს საცობებისგან ქალაქის განტვირთვას და ნაგავმზიდი მანქანები დღის განმავლობაში ამ ქუჩებზე აღარ ივლიან“, - განაცხადა ბითაძემ.
ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომელიც დასუფთავების სამსახურს, „თბილსერვისის“ ჯგუფს ავალდებულებს ღამის საათებში იმოძრაოს და პოლიგონზე ღამის საათებში მოახდინოს ნაგავმზიდი მანქანით ტრანსპორტირება. 22:00 საათიდან მოხდება ნაგვის გატანა ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე, დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-ს პირველ კორპუსამდე, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის ყველა განშტოებას მოიცავს.