ჰიბრიდული ტაქსებისთვის სანებართვო ღირებულება შესაძლოა დაბალი, ხოლო ელექტრო ტაქსებისთვის უფასო იყოს

ჰიბრიდული ტაქსებისთვის სანებართვო ღირებულება, შესაძლოა, ჩვეულებრივი ტაქსებისთვის განსაზღვრულ ღირებულებაზე დაბალი იყოს, ხოლო ელექტროძრავაზე მომუშავე ტაქსებისთვის – უფასო.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კახა კუჭავამ განაცხადა, პარლამენტი ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას, ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნული რეკომენდაციით მიმართავს.

მისივე ინფორმაციით, ტაქსებზე სანებართვო რეგულაციები პირველ ეტაპზე, შესაძლოა, თბილისის მასშტაბით გავრცელდეს.

„კანონის მიღების შემდეგ, საკრებულომ მერიასთან ერთად უნდა შეიმუშაოს დადგენილება, თუ რა წესით მოხდება ნებართვის გაცემა, როგორი იქნება პირობა და ა. შ. როდესაც საკრებულო თანხაზე იმსჯელებს, საჭირო იქნება დადგენილებაში ჩაიდოს, რომ თუ მანქანა არის ჰიბრიდული, გადასახადი იყოს უფრო დაბალი, რათა ამით ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის მომრავლება წავახალისოთ, ხოლო თუკი იქნება ელექტროძრავაზე მომუშავე ტაქსი, სანებართვო ღირებულების გადახდისგან გავათავისუფლოთ. ეს ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რაც არის პოზიტიური ნაბიჯი ქალაქში ჰაერის გაუმჯობესების კუთხითაც“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ტაქსი დარეგისტრირდეს, გადასახადი იქნება ერთჯერადი და არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე არის მაგალითად, პირადობის მოწმობის აღების საფასური.

„ამ გადასახადს კომერციული დანიშნულება არ ექნება. მისი მთავარი მიზანია, მოხდეს ზუსტი აღრიცხვა, რამდენი ტაქსი მოძრაობს ქალაქში. გაიცემა ნებართვები თავისი ნომრით და ტაქსის ყველა მძღოლს თავისი ინდივიდუალური ნომერი ექნება, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია მიღებული“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.