უკრაინის კრიზისის გამო საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაუარესდა

„პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2013 წელს უკრაინა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო.

უკრაინის კრიზისმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებზე, 2014 წლის პირველ თვეებში სერიოზული გავლენა მოახდინა. 2014 წლის მარტში საქართველოს ექსპორტი უკრაინაში 55%-ით შემცირდა თებერვალთან შედარებით, ხოლო გასული წლის ნოემბერთან შედარებით 71%-ით. უკრაინული პროდუქციის საქართველოში იმპორტი მიმდინარე წლის მარტში 22.5%-ით შემცირდა გასული წლის ნოემბრის იმპორტთან შედარებით. ამ მაჩვენებლების საგრძნობი გაუარესება მიმდინარე წლის აპრილ-მაისშიც მოსალოდნელია.

კვლევითი ცენტრი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია საქართველოს ექსპორტის დივერსიფიცირება განხორციელდეს. ამაში ქვეყანას ასოცირების შეთანხმების და მისი შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერა დაეხმარება.

ამასთან, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2014 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. ბანკმა საპროგნოზო მაჩვენებელი იანვრის მონაცემთან (4.5%) შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

EBRD 2.7 %-დან 1.4 %-მდე ამცირებს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის 2014 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს. სომხეთის 2014 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 3%-მდე შეამცირა; თურქეთის 3.3%-დან 2.5%-მდე; რუსეთის 2.5%-დან 0%-მდე, უკრაინის 1.5%-დან -8.5%-მდე, ხოლო აზერბაიჯანის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელი დატოვა (3.5%).

საპროგნოზო მაჩვენებლების შემცირება, ძირითადად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა განაპირობა. ასევე, ნეგატიური ტენდენციები გამოვლინდა თურქეთის ეკონომიკაში, რაც შიდა პოლიტიკურმა რისკებმა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესუსტებამ გამოიწვია. ანალიზი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რაც უარყოფითად აისახება რუსეთის ეკონომიკურ ზრდაზე.