2017 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში.
ინფორმაცია შეიცავს 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.
„ანალოგიური კვლევა ჩვენმა ორგანიზაციამ შარშანაც გამოაქვეყნა. მართალია, გასულ წელთან შედარებით, ხარჯების კლების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ხელფასებსა და საწვავზე დანახარჯებს. შარშანდელის მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებლით კვლავაც პირველ ადგილზეა და ასევე, ლიდერობს გახარჯული საწვავის კუთხითაც; პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა კახეთის ადმინისტრაციამ გასცა; რესტორნისა და კვების მომსახურებაზე კი ყველაზე მეტი ხარჯი იმერეთის ადმინისტრაციამ გასწია“, - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
ძირითადი მიგნებები:
2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემცირებულია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატების ჯამური რაოდენობა - 276 020 ლარით;
წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 101 354 ლარით მეტი გაიცა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში ხელფასის სახით;
2017 წელს ყველა სამხარეო ადმინისტრაციის მიერ 97 730 ლარით მეტი ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი;
7 ათასი ლარით შემცირდა სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯები, მივლინებებზე გაწეული ხარჯი კი, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 33 240 ლარით არის შემცირებული.
შრომის ანაზღაურება:
2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა შემცირებულია: 2016 წელს 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 968 511.61 ლარი), 2017 წელს კი გაცემული პრემიისა და დანამატის ოდენობამ ჯამში 1 087 928 ლარი შეადგინა (პრემია - 255 357 ლარი, დანამატი - 832 570.7 ლარი), რაც 276 020.61 ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე
2016 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი, 2017 წელსაც, ყველა ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა;
2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა;
2017 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 183 677 ლარის ოდენობით. 2016 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (204 183.11 ლარი);
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაცემული სახელფასო დანამატის ოდენობა, 2016 წელთან შედარებით, ყველა ადმინისტრაციაში შემცირებულია. შემცირებულია ასევე გაცემული პრემიის ოდენობები. გურიის ადმინისტრაციაში გაიზარდა გაცემული პრემიის და დახმარების ოდენობა - 2017 წელს 47 905 ლარი გაიცა, 2016 წელს კი 33 510 ლარი.
2017 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი მხოლოდ შემდეგმა გუბერნატორებმა აიღეს: გრიგოლ ნემსაძე - ქვემო ქართლის გუბერნატორი (2 065 ლარი); მერაბ ჭანუყვაძე - გურიის გუბერნატორი (2 950 ლარი); ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის გუბერნატორი (2 950 ლარი); კახა სამხარაძე - შიდა ქართლის გუბერნატორი (2 950 ლარი), აკაკი მაჭუტაძე - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი (2 950 ლარი).
სრული ინფორმაცია იხილეთ აქ: