სავაჭრო ცენტრის „ქალაქის გულის“ ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ დაიწვა, რეკონსტრუქცია 2015 წლის ნებართვის საფუძველზე ჩატარდა. ამის შესახებ სამშენებლო სამართალში ექსპერტმა უჩა ზაქაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ბოლოს რეკონსტრუქცია ამ ტერიტორიაზე ჩატარდა 2015 წლის ნებართვის საფუძველზე, რომელიც 2016 წლის 20 თებერვლამდე იყო ძალაში. აქედან, 6 თვეში კი მერია უნდა მისულიყო და ეს ობიექტი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ექსპლუატაციაში ჩაებარებინა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა არ იქნებოდა, ობიექტის მშენებლობის მწარმოებელი პირები უნდა დაეჯარიმებინა. ეს კი, ჩემი გადამოწმებული ინფორმაციით, არ მომხდარა. კერძოდ, მერიას უნდა შეემოწმებინა სანებართვო პირობები რამდენად იყო შესრულებული, რაც არა მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების, არამედ სხვადასხვა უსაფრთხოების საკითხებთან არის კავშირში,“-აღნიშნა ზაქაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული ობიექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კონტროლს არის დაქვემდებარებული.
„შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ძალაში შევიდა „სამშენებლო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, რომლის საფუძველზეც 2015 წელს უკვე სხვადასხვა რეგლამენტები და დებულებები დამტკიცდა, რომელთა მიხედვითაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რიგი, უკვე აშენებული ობიექტების მონიტორინგი დაევალა. მათ შორის, ეს კონკრეტული შენობა ნაგებობაც ამ უწყების კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტია, ამიტომ საინტერესო იქნება ასეთი მძიმე ფაქტის შემდეგ განცხადება მაინც მოვისმინოთ, შემოწმდა თუ არა და იყო თუ არა წესრიგში ამ ობიექტებზე ყველაფერი,“-განაცხადა ზაქაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული სავაჭრო ობიექტი მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის მამას ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ შპს „ქალაქის გულის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ხანძარი 2018 წლის 27 თებერვალს გაჩნდა, რომლის შედეგადაც, კომპანია და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები დაზარალდნენ. არსებული მონაცემებით, დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვ. მ ფართობი.