ევროპაში გასატანი თითქმის არაფერი გვექნება

”ჯერ ადგილობრივი ბაზარი უნდა ავითვისოთ და ევროპის დაპყრობაზე მერე ვიფიქროთ”...როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ევროკავშირის ბაზრის გახსნას ქართველი ფერმერები მოუმზადებლები ხვდებიან. მიზეზი არის ის, რომ ისინი ვერ ახერხებენ დააკმაყოფილონ ევროსტანდარტები, მიიღონ საკმაოდ ძვირადღირებული სერტიფიკატები და საკუთარი პროდუქტი ევრობაზარზე გაიტანონ. გამოდის, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით საქართველო სავაჭრო კუთხით თითქმის ვერაფერს იხეირებს.

საქართველო კარგა ხანია, სარგებლობს ”ჯიესპი პლუსით”, რომელიც ნულოვან საბაჟო ტარიფებს გულისხმობს. შესაბამისად, ის ქართული პროდუქტები, რომლებიც ევროკავშირში უნდა გავიდეს, ისედაც ნულოვანი რეჟიმით სარგებლობს. ექსპერტების განცხადებით, ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოში ევროპულ ინვესტიციებს გაუხსნის გზას და მხოლოდ ეს მხარე არის მნიშვნელოვანი.

თხილი, მწვანილი, დაფნა – ეს ის პროდუქტებია, რომლებმაც ევროკავშირში შეღწევა მოახერხეს და რომლებიც ”ჯიესპი პლუსი” რეჟიმით სარგებლობენ. მცირე რაოდენობით გადის ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები. პრინციპში სულ ეს არის და მეტს სამომავლოდაც ვერაფერს გავიტანთ, რადგან რაც იწარმოება, შიდა ბაზრის დაკმაყოფილებისთვისაც არ კმარა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო ინფორმაციით, პირველ კვარტალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 635 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლების შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ აქედან ექსპორტი იყო 141 მილიონი დოლარი (45%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე). ექსპორტირებული პროდუქციის 64% თხილია. მთლიანობაში, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილი 25%-ს შეადგენს. მათგან ყველაზე მეტი პროდუქტი ბულგარეთში, იტალიასა და ესპანეთში გავიდა.

წინასწარი გამოთვლებით, შეთანხმების ამოქმედების შედეგად, მიღებული ეკონომიკური სარგებელი მთლიანი შიდა პროდუქტების 6,5%-მდე გაზრდას გამოიწვევს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 13.5%-ით გაიზრდება. ყველაზე მაღალი - 55%-იანი ზრდა ნავარაუდევია საფეიქრო წარმოებაში, ხოლო ხილის, ბოსტნეულის, კვების პროდუქტებისა და უალკოჰოლი სასმელების წარმოების ზრდა ნავარაუდევია 4%-ით.

შეთანხმების თანახმად, 28 სატარიფო ხაზზე (ეს კი სრული სატარიფო ნუსხის 0,3%-ია) იმოქმედებს ევროკაშვირში ”შესვლის ფასი”, ანუ იმპორტის ფიქსირებული ფასი. ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველოში შექმნილი პროდუქციის გასაყიდი ფასი (ევროკავშირის დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორს ამ ფასთა სხვაობის დაფარვა მოუწევს, ხოლო თუ გასაყიდი ფასი ევროკავშირის ”ფასის” ტოლი ან მასზე მეტი იქება, პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.

პრობლემა ის არის, რომ ქართული პროდუქტისთვის არსებობს მნიშვნელოვანი ტექნიკური სავაჭრო ბარიერები, როგორიცაა ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები, გეოგრაფიული აღნიშვნები და სერტიფიცირების პროცედურები. ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ეხება, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ წინასწარ შემუშავებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები. მთავრობაში აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, ჩვენთან ევროპული დონის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემა შეიქმნება. ამით სურსათის კონტროლის მექანიზმი ადგილობრივ ბაზარზეც გაუმჯობესდება.

”ფერმერთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზრის გახსნა ქართველ ფერმერებს ვერ წაადგება. მათ არ შესწევთ ძალა, რომ ევროსტანდარტების პროდუქტი აწარმოონ, მიიღონ Iso, Hasp-ის სერტიფიკატები და სხვა ქვეყნის პროდუქტს კონკურენცია გაუწიონ. სხვათა შორის, ამ სერტიფიკატების მისაღებად, დაახლოებით, 15 ათასი ევროა საჭირო.

”ევროპაში რომელი პროდუქტიც გადის, ისინი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ისედაც სარგებლობდნენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი უფრო მეტად ევროპული ორგანიზაციები ისარგებლებენ. კარგია, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ბაზრის ნაწილად განიხილება და გზა გაიხსნება ევროპული ინვესტიციებისთვის”, - ამბობს ნინო ზამბახიძე და დასძენს, რომ საქართველოში 800 ფერმერია და ყველა ვერ შეძლებს შესაბამისი სტანდარტების მოპოვებას.

ზამბახიძის განცხადებით, სამომავლოდ, კოოპერატივების შექმნითა და ფერმერების გაერთიანებით უფრო მარტივი იქნება ევროპული დონის პროდუქტის წარმოება და მაღალი ხარისხის პროდუქტის ევროპაში ექსპორტირება.

ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ევროპის ბაზრის გახსნა საქართველოსთვის უფრო ირიბი ეფექტის მომცემი იქნება, ვიდრე პირდაპირის.

”ჩვენ წარმოების, პროდუქტის გადამუშავების, რეალიზაციის შესაბამისი სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ. საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებამდე, რაც თავის მხრივ, გაზრდის აგროსამრეწველო პროდუქტის კონკურენტუნარიანობას, უპირველესად, შიდა ბაზარზე.

ჩვენ ვამბობთ, რომ თითქოს კარებია დაკეტილი და ველოდებით, როდის გაიხსნება. ჯერჯერობით, ჩვენი, ადგილობრივი ბაზრის დაბრუნება გვჭირდება. იმპორტს დავუთმეთ პოზიციები. მაგალითად, ხორცი ავიღოთ. ხელებს იფშვნეტენ, რომ ევროპაში 5000 ტონამდე ხორცის შეტანის შესაძლებლობა მოგვეცემა. ამ დროს 2013 წელს საქართველოში მოხმარებული ხორცის 2/3 იმპორტირებული იყო”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოს უცხო ბაზრიდან 10-ჯერ მეტი ხორცი შემოაქვს, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ევროპულ ბაზარზე გატანის უფლება აქვს (კვოტა - 5000 ტონა). შესაბამისად, ჯერ არათუ ევროპის ბაზრის ”დაპყრობა”, არამედ საკუთარი მომხმარებლის დაკმაყოფილებაა მნიშვნელოვანი.

”ეს ხელშეკრულება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მომხმარებელი დავაკმაყოფილოთ მაღალხარისხიანი, ევროპული სტანდარტების პროდუქციით, რომელსაც ექნება სერტიფიცირების, ხარისხის, სურსათის უვნებლობისა და სხვა მოთხოვნები. ამიტომ, ქვეყანას ასეთი ლოზუნგი უნდა ჰქონდეს - ”პირი ევროპისკენ საკუთარი ბაზრის დასაბრუნებლად!”-მიიჩნევს სოსო არჩვაძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და ევროპული ბაზრის გახსნის შემდეგ, დაწესდება წლიური კვოტა ხორცზე დაახლოებით 5000 ტონა და ნიორზე - 220 ტონა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”