შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე, ფედრეზერვის თავმჯდომარის რანგში ჯერომ პაუელის პირველი წარდგომის შემდეგ, ამერიკული დოლარის კურსი გაიზარდა.
ამ ფაქტორის გარდა, სავალუტო ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები, იაპონიასა და ჩინეთში გამოქვეყნებულმა ცნობებმაც გამოიწვია.
პაუელს შეერთებული შტატების ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური გამოსვლა ჰქონდა, რამაც დოლარს სავალუტო ბაზარზე ბიძგი მისცა. ამერიკული ვალუტის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ, მის გასაშუალოებულ კურსს ასახავს, 90.33-მდე გაიზარდა.
პაუელმა განცხადა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და რომ შრომის ბაზარი კვლავაც აღმავლობის გზაზეა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ ფედრეზერვი წელს რამდენჯერ გაზრდის დოლარზე საპროცენტო განაკვეთს, თუმცა დაადასტურა, რომ ზრდა ეტაპობრივი იქნება.
სავარაუდოდ, ფედრეზერვი არჩეული გეგმის შესრულებას გააგრძელებს, რომელიც წელს დოლარზე განაკვეთის სამჯერ აწევას ითვალისწინებს. თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს ოთხჯერ მოხდება. ფედრეზერვის მომდევნო სხდომა მარტში გაიმართება და დიდი ალბათობით, ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს ასწევს.
დოლარის ინდექსის ზრდის მიუხედავად, ამერიკული ვალუტა იაპონურ იენთან წყვილში შემცირდა. საქმე ისაა, რომ იენს ბიძგი იაპონიის ბანკის განცხადებამ მისცა იმის შესახებ, რომ ის სახელმწიფო ობლიგაციების (25-40-წლიანი) შესყიდვის პროგრამას 80-დან 70 მილიარდ იენამდე შეამცირებს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც იაპონიის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების მიმართულებით გადადგა, რასაც ბაზარი აღიქვამს, როგორც ახალი პროცესის დასაწყისს, რამაც იაპონური იენის გამყარება უნდა გამოიწვიოს.
რაც შეეხება ჩინეთს, მისი ეკონომიკური აქტივობის ინდექსი შემცირდა, რასაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, ჩინეთის ბანკმა იუანის დოლართან მიმართებით კურსი დასწია და 6.3294 იუანის დონეზე (6.3146-ის ნაცვლად) დააფიქსირა.