საჯარო სექტორში დასაქმებული 260 ათასამდე ადამიანი 15GB ინტერნეტს 5 ლარად ვეღარ შეიძენს

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული დაახლოებით, 260 ათასამდე მოქალაქე 15GB ინტერნეტს 5 ლარად ვეღარ შეიძენს. სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე გამოცხადებული ახალ ტენდერში წინა ტენდერთან შედარებით პირობები შეცვლილია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადებული ტენდერი კონკურენციის არარსებობის და მხოლოდ 1 კომპანიის - „ბილაინის“ მონაწილეობის გამო შეწყდა. ახალი ტენდერი კი 26 თებერვალს გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციებში ინტერნეტ მომსახურების პირობები განსხვავებულია. კერძოდ, ახალი ტენდერის თანახმად, 1MB-ს - 0.01 ლარად; 1000 MB-ს - 2.99 ლარად; 3000 MB-ს - 3.99 ლარად, ხოლო 5 000 MB-ს - 4.99 ლარად მიიღებენ.

მაშინ, როცა იანვარში გამოცხადებული წინა სატენდერო პირობებით, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს  30 MB - 0.49 ლარად; 50 MB - 0.99 ლარად; 500 MB - 1.99 ლარად; 1GB - 2.99 ლარად; 5GB - 3.99 ლარად; ხოლო 15GB - 4.99 ლარად უნდა მიეღოთ.