"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში ერთობლივად განსახორციელებელიპროგრამების შესახებ იმსჯელეს დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უძღვებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, "ფინანსური განათლების წლის" მიზნებსა და სხვადასხვა სექტორებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში ჩვენი მიზანია ფინანსური განათლება გავხადოთ საზოგადოებრივი დიალოგის ნაწილი, საკითხისადმი ინტერესი გავაღვივოთ, როგორც ბენეფიციარებში, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებში და საფუძველი ჩავუყაროთ ისეთ მდგრად ინიციატივებსა და თანამშრომლობას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსური განათლების გავრცელებას. ფინანსური განათლების წლის მიზნების მიღწევაში კომიტეტის თითოეული წევრის გამოცდილებას, როლსა და პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეხვედრაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კომიტეტის წევრებს ფინანსური წიგნიერების ხელშემწყობი პროექტი წარუდგინა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური განათლების გაღრმავებას ახალგაზრდებში.
კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრები კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებიდან, მათ შორის, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის, Finance in Motion-ის საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა, რომლის მიზანსაც ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში 2017 წელს შეიქმნა ფინანსური სტრატეგიის მართვის კომიტეტი, რომელიც ყოველკვარტალურად იკრიბება.