უცხოეთში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტი დღეიდან უკვე ვალდებულია მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა შეიძინოს

უცხოეთში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტი დღეიდან უკვე ვალდებულია მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა შეიძინოს.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან უკვე ძალაშია კანონის ნორმა, რომლის თანახმადაც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება/მფლობელი/მძღოლი/ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ვალდებული ხდება დააზღვიოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში/მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით.

სამსახურის უფროსის კონსტანტინე სულამანიძის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით და ამ ნაბიჯს უახლოეს მომავალში კიდევ მოჰყვება სხვა კონკრეტული ქმედებები, რაც ჯამში დაზღვევის, როგორც სოციალური ინსტრუმენტის ეფექტიანად ამოქმედებას შეუწყობს ხელს. „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარი ამოცანა ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის ამაღლება, სადაზღვევო ბაზრდის ზრდა, მისი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა და დაზღვევის, როგორც სოციალური სიკეთის მომხმარებლემამდე მიტანის ხელშეწყობაა. დღეიდან უკვე ამოქმედდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტოტრანსპორტისთვის მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად მოიტანს ამ სადაზღვევო პროდუქტის ცნობადობის ამაღლებას, ბაზარს მოუტანს დამატებით შემოსავლებს და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები იქნებიან სრულად დაცულნი იმ მატერიალური რისკებისგან, რაც შესაძლოა მათ მიადგეთ უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან.

კიდევ უფრო გასაგებად რომ აიხსნას - 1 მარტიდან უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული მანქანები, საქართველოში შემოსვლისთანავე ვალდებულნი იქნებიან დააზღვიონ საკუთარი პასუხისმგებლობა, ანუ თუ არაქართული ნომრიანი მანქანა გამოიწვევს რაიმე სახის ზარალს, ამ ზარალს საქართველოს მოქალაქეებს აუნაზღაურებს სავალდებულო დაზღვევის ცენტრი, სადაზღვევო კომპანიების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც იქნება მოდერატორი სადაზღვევო შემთხვევებისას და დაარეგულირებს ზარალებს“, -აღნიშნა სულამანიძემ.

როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ კანონის შემუშავების პროცესში აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. შესაბამისად, ერთობლივად შეიქმნა პროცედურა, რომლის თანახმადაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენად რიგების შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოირიცხა. კერძოდ, სადაზღვევო პაკეტების შეძენა შესაძლებელია უშუალოდ საზღვრის მიმდებარედ განთავსებულ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ფილიალებში (სარფი, წითელი ხიდი, ყაზბეგი, სადახლო), ასევე სხვა დანარჩენ საზღვრებთან შემდეგ გაყიდვის წერტილებში: ბანკებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, ვებ გვერდზე www.tpl.ge. ამასთანავე უკვე მოქმედებს ცენტრის ცხელი ხაზი ნომერზე 2 301111.

აღსანიშნია, რომ საზღვრის გადმოლახვისთანავე მესაზღვრის მიერ ხდება უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ტრასპორტის მძღოლის ინფორმირება (სიტყვიერად, სამენოვანი ნაბეჭდი პროდუქციის გადაცემით) ქვეყანაში მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევის მოქმედების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტრანსპორტი უგულებელყოფს ამ მოთხოვნას, ის დაექვემდებარება საჯარიმო სანქციას 100-დან 200 ლარამდე მოცულობით. დაჯარიმება შეუძლია საპატრულო პოლიციასაც თუკი მოძრაობის წესების დამრღვევ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომობილს არ აღმოაჩნდება სავალდებულო დაზღვევის პოლისი.