Levis-ის ჯინსებს რობოტები დაასრულებენ

ამერიკულმა ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Levi Strauss-მა საკუთარი პროდუქციის წარმოების ბოლო ეტაპზე რობოტების ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.

„რობოტები ჯინსებზე გაცვეთილის, ნაფხრეწებისა და დახეულის ეფექტებს დაიტანენ“ - წერს Financial Times.

კომპანიის გაანგარიშებით 2020 წლისთვის რობოტები ამ შრომატევად და ხშირ შემხთვევაში, მავნე სამსახურში სრულად ჩაანაცვლებენ ადამიანებს. ცვლილების მიზანი კი ნარჩენების, დანახარჯების და მასზე დახარჯული დროის შემცირებაა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მოცულობის ინვესტირებას გეგმავს Levi Strauss აღნიშნულ პროგრამაში. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელის ჩიპი ბერგის განცხადებით, რობოტების გამოყენება ჯინსების წარმოებაში - ეს მომავალია.

რობოტებს, რომლებიც ჯინსების დეკორირებას აწარმოებენ, ამ პროცესში 90 წამი სჭირდება, ლაზერის საშუალებით, მაშინ როცა იგივე ეფექტის მისაღწევად ადამიანს 6-8 წუთი მაინც სჭირდება.

Levi Strauss, რომელსაც 135 წლიანი ისტორია აქვს, ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ ჯინსის შარვალს ყიდის. მისი სუფთა მოგება გასულ წელს 3%-ით 282 მილიონ დოლარამდე შემცირდა, თუმცა შემოსავლები 8%-ით გაიზარდა, 4,9 მილიარდ დოლარამდე.

კოკა კვირკველია