„პრობლემური სესხების ამოღების პროცესში საკმაოდ ხშირად ირღვევა კანონით დადგენილი მოთხოვნები“

გასული წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 24 სესხის ამომღები კომპანია შეამოწმა.

ამის შესახებ ინფორმაცია ისნპექტორის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშშია მოცემული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიების მხრიდან პრობლემური სესხების ამოღების პროცესში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნები ისევ საკმაოდ ხშირად ირღვევა.

„გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები უკავშირდებოდნენ ისეთ მესამე პირებს, რომლებიც მსესხებელს ხელშეკრულებაში საკონტაქტო პირად არ ჰყავდა მითითებული. ამასთან, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეებს შორის კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ფორმას (სატელეფონო ნომრით, მისამართზე დაკავშირებით და ელექტრონული ფოსტით) და არ მოიცავდა მესამე პირებისთვის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას.

მიუხედავად ამისა, კომპანიები მსესხებლებთან კომუნიკაციის გზად სწორედ მესამე პირების მეშვეობით დაკავშირებას ირჩევდნენ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ არსებობდა მესამე პირებთან დაკავშირების აუცილებლობა, რადგან კომპანიებს მსესხებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალებები სრულად ამოწურული არ ჰქონდათ.

არსებული პრაქტიკის მიხედვით საკრედიტო ორგანიზაციები პრობლემური სესხის მართვას უმეტესად, სესხების ამომღები კომპანიების მეშვეობით ახორციელებენ. ასეთ შემთხვევებში, სესხის ამომღებ კომპანიებს გადაეცემა მსესხებლის მონაცემები და ენიჭება უფლებამოსილება, იმოქმედოს საკრედიტო ორგანიზაციის სახელით და მისი მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ დროს სესხის ამომღები კომპანია წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს.

ინსპექტორის აპარატის საქმიანობის შედეგად, 2017 წელს გამოიკვეთა გარკვეულწილად დადებითი ტენდენციები, კერძოდ, საკრედიტო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი, სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას, მსესხებელთან კომუნიკაციის წესებს ხელშეკრულებაშივე ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა უფლებამოსილმა პირებმა მაინც მიმართეს საკრედიტო ორგანიზაციის მხრიდან აკრძალულ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მსესხებლის ოჯახის წევრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, სოციალურ ქსელში დაკავშირებული პირისთვის დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება,“-ნათქვამია ანგარიშში.