”სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო”

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, დეპარტამენტში გაცემული პრემიები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო.

მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დეპარტამენტის თავმჯდომარე თვითონ გასცემს პრემიებს. თუმცა, სუბარის განმარტებით, გაუმართლებელია მინისტრთან შეთანხმების გარეშე მსგავსი რამ.

”ამაზე გვქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება მაშინვე და ძალიან მკაცრად მოვთხოვე პასუხი. მისი მოტივაცია იყო, რომ წლის ბოლოა, ფულია დარჩენილი და გაანაწილეს იმიტომ, რომ ურთულესი დეპარტამენტი ჩაიბარეს და ურთულეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა, თუმცა ვიმეორებ, მე ამის გამართლებას ვერ ვხედავ. ვერ ხედავს გამართლებას მთავრობის ვერც ერთი წევრი და ვერც პრემიერი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა თვენახევრის დანიშნული იყო და მთავრობის შეცვლის შემდეგ, ეს იყო მესამე ცვლილება სად-ში, იმ ეტაპზე სხვა გადაწყვეტილებები, გარდა მკაცრი გაფრთხილებისა, მიღებული არ იქნა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთდა განცხადებები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე მაღალი პრემიების გაცემის შესახებ.