ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ 25 მარტიდან 11 ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ 25 მარტიდან 11 ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. როგორც გენერალურმა დირექტორმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია პარიზის, ბრიუსელის, ბოლონიის, ბარსელონის, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავას, ათენის, სალონიკის, ხარკოვისა და ყაზანის მიმართულებით 2018 წლის 25 მარტიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. მისივე განმარტებით, მგზავრების კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით პირდაპირი ფრენები მხოლოდ დღისა და საღამოს საათებში დაინიშნება.

"პირდაპირი ავიარეისების დამატება მგზავრებისთვის დროის დაზოგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად. ავიაკომპანიის აღნიშნული წარმატებული ნაბიჯი ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული ავიაციის განვითარებას, ასევე ახალი კადრების დასაქმებას", - აღნიშნა დავითაშვილმა.

კომპანიის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, სპეციალურად შეირჩა ბოლონიის მიმართულება, რადგან მილანის, ვენეციის, რომის და ფლორენციის მიმართულებით ბოლონიის აეროპორტიდან გადაადგილება მგზავრებს მატარებლით კომფორტულად შეუძლიათ.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მგზავრობის საფასური ხელმისაწვდომი იქნება. ასევე, შეღავათიანი ფასებით, 99 ევროდან, ისარგებლებენ სტუდენტები.

რეისები ბერლინის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ხოლო ყველა სხვა მიმართულებაზე კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.

გარდა ამისა, კომპანია 2018 წელს ავიაპარკის განახლებასაც გეგმავს, წლის ბოლომდე კომპანია ორ ახალ ხომალდს შეიძენს, რითაც ავიაპარკის განახლება სრულად მოხდება, რადგან გასულ წელს "ჯორჯიან ეარვეისმა" 4 ხომალდი შეიძინა.

ცნობისთვის, ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ ავიარეისებს 1993 წლიდან ახორციელებს. ამჟამად, ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ მსოფლიოს 10 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს, 25 მარტიდან კი ეს ციფრი 21-მდე გაიზრდება.