რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, მშენებლობის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძე გაეცნო.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 80 930 728,28 ლარს შეადგენს. კობი-გუდაურის საბაგირო დაახლოებით შვიდნახევარი კმ-ის სიგრძის იქნება. გარდა იმისა, რომ მოთხილამურე გუდაურიდან კობის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს, ასევე, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზის პრობლემაც აღმოიფხვრება და მსურველები გუდაურში გადმოსვლას საბაგიროთი შეძლებენ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს მასზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.