ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა.
ახალი წესის თანახმად, სავალუტო ჯიხურები 1-ლი მარტიდან ვალდებული გახდნენ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალუტის გადაცვლის შემდეგ თანხა უკან დაუბრუნონ. თუმცა, მოქალაქეები თანხის უკან დაბრუნებას მხოლოდ ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში შეძლებენ, რისთვისაც ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დასჭირდებათ.
ამასთან, ახალი წესით შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით სარეგისტრაციო მოთხოვნებიც მკაცრდება.
სებ-ის ცნობით, ამ წესის გამოქვეყნებამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მოუწევთ.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი 28 თებერვალს გამოქვეყნდა.