კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, რუსთაველის 12 ნომერში, სასტუმრო Four Season-ის მშენებლობა ისევ იგეგმება და კომპანიას მერიასთან ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს.
როგორც გაიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული შენობა ავარიულია და მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.
”9 წელია პროექტზე ვმუშაობთ, მაგრამ ქართველ არქიტექტორებს არანაირი პროექტი არ მოსწონთ. არსებული შენობის შენარჩუნება ფაქტობრივად, შეუძლებელია. ის არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. შენობის მხოლოდ წინა ფასადია შენარჩუნებული, არის ავარიული, დამწვარია მინიმუმ ორჯერ. პრაქტიკულად, მისი გამაგრება და რეკონსტრუცია შეუძლებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენობას პირველი სართული არ აქვს, ამის ნახვა ყველას შეუძლია. საძირკველში მეტრნახევარზე წყალი დგას და ის აუცილებლად უნდა დაიშალოს. გარდა ამისა, გადახურვა არასწორად არის გაკეთებული, სართულებს შორის სიმაღლეები არ არის დაცული. უცხოელი და ქართველი ექსპერტების დასკვნაა, რომ ამ შენობის გადაკეთება შეუძლებელია, არათუ მისგან სასტუმრო იქცეს და კომფორტული გახდეს მომხმარებლისთვის. ამიტომ უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი. ვისაც იმის ილუზია აქვს, რომ ძალიან ლამაზი შენობაა, უკნიდანაც შეხედოს. არ შეიძლება ქალაქში ასეთი სიმახინჯე იდგეს. თბილისის მერად კახა კალაძის მოსვლამ ბიძგი მისცა ინტენსიურად მუშაობის პროცესს და ვფიქრობ, პროცესი მალე დაიწყება“, - განაცხადა გაიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში კიდევ ერთი სასტუმროს Four Season-ის მშენებლობის წინასწარი თანხმობა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა უკვე გასცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ექვსივე წევრმა სასტუმროს ესკიზს დადებითი შეფასება მისცა. თუმცა, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ რუსთაველის 12 ნომერთან დაკავშირებით ცრუ განგაში ატყდა და იქ მშენებლობა არ იგეგმება.
მისივე განცხადებით, რუსთაველის გამზირზე თუ რაიმე პროექტის მშენებლობა დაიგეგმება, ეს ფართო საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ მოხდება.
„იქ არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და არანაირი შეთანხმება მშენებლობაზე არ არის მიღებული. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი შენობა-ნაგებობა განთავსდება, თუმცა, ზოგადად, რუსთაველის გამზირი არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენთაგანისთვის. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ასე სწრაფად არ და ვერ მოხდება. ეს იქნება საერთო განხილვის საგანი, თუ რაიმე პროექტი და საინვესტიციო მშენებლობა იქნება დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გამოტანილი იქნება საჯაროდ და იქნება განხილვები. ასე რომ, ცრუ განგაშს ნუ აყვებით“, - აცხადებდა კახა კალაძემ.