შემოსავლების სამსახური მზად არის დახმარება გაუწიოს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, რათა განხორციელდეს განადგურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა , - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც სრულად დადგინდება ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სია, ასევე ინდივიდუალურად დადგინდება განადგურებული საქონლის ღირებულებაც.
”მათ აღარ წარმოეშვებათ ახალი საგადასახადო ვალდებულებები, ან დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. როგორც ცნობილია, ამ ეტაპისთვის ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი დაზარალებულთა რაოდენობა და მათი სია. ჩვენ ბაზრობის ადმინისტრაციასთან ერთად გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და ამ სიების იდენტიფიკაციას ვახდენთ. სიების იდენტიფიკაციისთანავე ჩვენ მათთან ინდივიდუალურად მოვახდენთ განადგურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ოდენობის დადგენას. შემდგომში უკვე მოხდება განადგურებული საქონლის ჩამოწერა”, - განაცხადა დგებუაძემ.
ამასთან, როგორც დგებუაძემ განმარტა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით მეწარმეების მიმართ, ვისაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ და საქონელი ხანძრის გამო გაუნადგურდათ, იძულებითი ღონისძიებები შეჩერდება და ქონება არ დაუყადაღდებათ.
”მეწარმეებს, რომლებსაც საქონელი ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ და ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახური მათზე იძულებით ღონისძიებებს შეაჩერებს. იძულებითი ღონისძიებები სხვადასხვა ფორმისაა. ეს ნიშნავს იძულებით გადახდას, მათ საბანკო ანგარიშებზე ქონების დაყადაღებას. შემდგომ ამოღების თვალსაზრისით დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნას და ა.შ. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ყველა იძულებითი ღონისძიება იქნება შეჩერებული”, - განაცხადა ლევან დგებუაძემ.