ჯეი ქარნი: თუ რუსეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, შედეგები რუსეთზე აისახება

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი ქარნის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, ამას შედეგები ექნება, რომელიც რუსეთზე აისახება.

"კრიზისის პერიოდში ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი შეხედულება, რომ მიუღებელია ენერგორესურსების იარაღად ან ინსტრუმენტად გამოყენება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ უკრაინა დაზარალდება გაზის მიწოდების შეწყვეტით, მაგრამ შედეგები ასევე ღრმად აისახება რუსეთზე", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ჯეი ქარნის განცხადებით, აშშ უკრაინის ხელისუფლებასთან და მთავარ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს უკრაინის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ უკრაინაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება წინასწარი გადახდით განხორციელდება და პირველი ივნისიდან უკრაინა გაზის საფასურს წინასწარ გადაიხდის.