ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი ბიზნესასოციაციას პასუხობს. კერძოდ, ნაცვლიშვილი ეხმაურება ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ჭირაქაძის განცხადებას, რომ პარლამენტი ნაჩქარევად იღებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს და „მემარცხენე“ კანონპროექტები აზარალებს ყველას.
„ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ, რომ ეს კანონი არათუ ნაჩქარევი, არამედ დაგვიანებულია. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შეზღუდული და შეუსაბამოა, როგორც ქართულ რეალობასთან, ისე საერთაშორისო გამოცდილებასთან მიმართებით, რადგან ის უზრუნველყოფს მხოლოდ შრომის უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს რამდენიმე სექტორში და არ ეხება შრომის კოდექსით გაწერილ სხვა შრომითი უფლებების კონტროლს. დღეს საქართველოში არსებული მაღალი უმუშევრობის ფონზე, დამსაქმებლები იმყოფებიან უპირატეს მდგომარეობაში. ერთ სამუშაო ადგილზე სამსახურის მრავალი მაძიებელი მოდის, რაც დასაქმებულს იძულებულს ხდის, დასთანხმდეს ნებისმიერ შრომით პირობებს თუ ხელფასს. ამის ფონზე, როდესაც (უმუშევრობის შიშით) დასაქმებულებს თავად არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების სამუშაო ადგილებზე დაცვა, საჭიროდ მივიჩნევთ შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებების და შრომითი პირობების სახელმწიფო მონიტორინგს, დარგობრივ დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, სასამართლოში შრომით დავების სპეციალიზაციას, ზეგანაკვეთური შრომის მონიტორინგს და ა.შ. ამ და სხვა ინიციატივებს ახლო მომავალში აუცილებლად დაწვრილებით გავაცნობთ ყველა დაინტერესებულ მხარეს“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
დეპუტატის შეფასებით, დღეს დამკვიდრებული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ როგორც წესი, ბიზნესი მოგების გენერირებას მშრომელების ექსპლუატაციის და არა ტექნოლოგიურ გადაიარაღების და შრომის მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე ახდენს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი შრომითი სტანდარტების დაწესება კომპანიებს არა გაკოტრებისკენ, არამედ განვითარების გზების ძიებისკენ უბიძგებს. ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს, რომ ღირსეული სამუშაო პირობები ამაღლებს მოტივაციას და ზრდის შრომის მწარმოებლურობას, რაც წარმატებული ბიზნესის წინაპირობაა. ასევე, მივესალმებით კანონს, მომხმარებელთა უფლებების შესახებ. რამდენადაც მომხმარებლის ინფორმაცია პროდუქტებზე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ამ პროდუქტის მიმწოდებლის ინფორმაციას, რითიც იზრდება საფრთხე, რომ მომხმარებელი მოტყუებული დარჩეს. ამასთან ერთად, მივიჩნევთ, რომ საერთო სტანდარტის დაწესება ასევე უნდა შედიოდეს ბიზნესის ინტერესებში, ვინაიდან ყველა მოთამაშე საერთო თამაშის წესებს დაექვემდებარება, რაც სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კოლეგების და მთლიანად საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა ეკონომიკური და ადამიანური განვითარების აუცილებელი კომპონენტია. თუ ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ ამ პროცესებში არასაკმარისად მონაწილეობენ, მათ შეუძლიათ სერიოზულად მოეკიდონ სამმხრივი კომისიის ფორმატს (დამსაქმებლები, დასაქმებულები, სახელმწიფო) და აქტიურად ჩაერთონ მასში, რათა გადაწყვეტილებები ერთობლივად იქნას მიღებული“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
იგი იმედს იტოვებს, რომ ბიზნესის პროგრესული ნაწილი მხარს დაუჭერს შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივებს.