საქართველო და ბელორუსი საგადასახადო საკითხებში ითანამშრომლებენ

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმციით, ბელორუსთან თანამშრომლობის  შეთანხმებას დღეს ხელი საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ და საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრმა, ვლადიმერ პოლუიანმა მოაწერეს.

"საქართველოს მთავრობასა და ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ" შეთანხმება პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომლითაც საფუძველი ეყრება საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობას. მისი მიზანია საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთობის განვითარება, საგადასახადო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გაცვლა, საგადასახადო დარღვევების ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთა, დახმარება საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაში", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრი შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს რაიონის სერვისცენტრს სტუმრობდა, სადაც სისტემაში დანერგილ ტექნოლოგიურ და პროცედურულ სიახლეებს გაეცნო.