სმარტფონების ბაზარზე გამოჩენიდან პირველად, 2017 წელს მათი მსოფლიო გაყიდვები 0,5%-ით შემცირდა.
როგორც International Data Corporation-ის კვლევაშია ნათქვამი, მსოფლიო მასშტაბით გასულ წელს ჯამში 1,46 მილიარდი სმარტფონი გაიყიდა, მათი 99,9% კი iOS და Android სისტემებზე მოდის (აქედან 85,1% - Android-ზე და 14,8% - iOS-ზე).
ორგანიზაციის ექსპერტების განცხადებით, 2018 წელს მცირე ზრდას მოელიან. ხოლო ხუთწლიან შუალედში, 2017-2022 განმავლობაში ზრდა 2,8%-ს მიაღწევს და 2022 წლისთვის 1,68 მილიარდი სმარტფონი გაიყიდება.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს წელიც დადგებოდა“ - ნათქვამია კვლევაში, სადაც აღნიშნულია, რომ მხოლოდ ჩინეთში გაყიდვები შემცირდა 5%-ით, ასევე შემცირდა ევროპისა და აფრიკის ბაზრები, ხოლო აშშ-ში მონაცემები უცვლელი დარჩა.
მომავალი წლების ტრენდის განმსაზღვრელად ექსპერტები 5G ქსელის გამოჩენას მიიჩნევენ. მათი პროგნოზით, პირველი სმარტფონი, რომელიც ამდაგვარ ტექნოლოგიას მოირგებს, 2019 წელს გამოჩნდება ბაზარზე და მისი წილი 2022 წლისთვის უკვე 18% იქნება.
კოკა კვირკველია