სახელმწიფო შესყიდვები ლეგალიზებული კორუფციის ელემენტებით

„როცა კომპანია ტენდერის გვერდის ავლით სახელმწიფო შეკვეთას იღებს და მერე ურიცხავს მმართველ პარტიას თანხას, დიდი ალბათობით არის კორუფცია”.

რაც კანონით აკრძალული არ არის, დაშვებულია. ამ გაცვეთილი ჭეშმარიტების თანამედროვე პერიფრაზი კი „ლეგალიზებული კორუფცია“ გახლავთ. საკანონმდებლო ხვრელები ერთი შეხედვით გამართულ კანონმდებლობაში, ჩინოვნიკებს და ბიზნესის წარმომადგენელებს საშუალებას აძლევს, სრულიად დაუსჯელად შევიდნენ ფორმალურად კანონიერ, მაგრამ არსობრივად კორუფციულ გარიგებაში.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს“ ბოლო კვლევა ადასტურებს, ლეგალიზებული კორუფციის რისკის შემცველი საკანონმდებლო ხვრელები ისევ ისე ჩრდილად გასდევს საქართველოს კანონს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, როგორც წინა ხელისუფლების დროს გასდევდა. მართალია, ახალი ხელისუფლების პირობებში ამ ხვრელების გამოყენების ტენდენცია შედარებით სუსტია, მაგრამ მათი “ამოვსების” პოლიტიკურ ნებას, ჯერჯერობით, არც მოქმედი ხელისუფლება იჩენს.

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ორ ნაწილად იყოფა და მათ შორის ზღვარი 5 ათას ლარზე გადის. ამ ზღვარს ზემოთ პროდუქციისა და სერვისების შესყიდვაზე ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ვალდებულია, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადოს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უზრუნველყოფს. ამ ტენდერის ტექნიკური მხარე იმდენად გამჭვირვალე და გამართულია, რომ ღია და ხელმისაწვდომი ინფორმაციის თვალსაზრისით, ევროპაში იგი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. უწყება სააგენტოს ვებ-გვერდზე ათავსებს შესასყიდი პროდუქტის დეტალურ აღწერილობას და ტენდერის მონაწილე სუბიექტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც კომპანია განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა ტენდერში მონაწილეობის მიღება.

ვაჭრობა ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს. თუ კორუფციულ გარიგებაზე ეჭვს აიღებს, ნებისმიერ მონაწილეს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეუძლია ტენდერი შეაჩეროს. შემდეგ საკითხს სააგენტოსთან არსებული დავების საბჭო განიხილავს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ტენდერის შედეგები კი ისევ სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდება. აქ ტენდერების შესახებ სრული არქივია დაცული და ხელი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიუწვდება. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მიუთითებენ, ღია ტენდერს აქვს თავისი ხარვეზებიც, როგორიცაა სახელმწიფო დამკვეთ უწყებებში კომპეტენტური კადრების ნაკლებობა, რაც შესასყიდი პროდუქციის არასრულ ან არაზუსტ აღწერაში გამოიხატება და პოტენციურ მომწოდებელს აბნევს. ამასთან, ტენდერის პოტენციურ მონაწილეებს ზოგჯერ უჭირთ სარეგისტრაციო განაცხადების შევსება და მოთხოვნებში გარკვევა. თუმცა, როგორც დავით აბრამიშვილი, Sport New Building Group-ის გენერალური დირექტორი განმარტავას, ამ ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა თანდათან შესაძლებელია ბიზნესსა და შესაბმის სახელმწიფო უწყებებს შორის ხშირი კომუნიკაციით და გამოცდილების გაზიარებით.

უფრო დიდი პრობლემა, რომლის აღმოფხვრის ტენდენციასაც „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველო“ ვერ ამჩნევს, არის სახელმწიფო შესყიდვების მეორე გზა, რომელიც 5 ათასი ლარის დაბლა მოცულობის პროდუქციის შესყიდვას გამარტივებული კონტრაქტებით, ანუ პირდაპირი შესყიდვის წესით უშვებს. სახელმწიფო უწყება მიდის ერთ კონკრეტულ კომპანიასთან და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე უდებს კონტრაქტს. როგორც „საერთაშირისო გამჭვირვალება საქართვლოს“ იურისტი,  გიორგი ჭანტურია განმარტავს, კანონი არ აზუსტებს, რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს ის ერთი კომპანია. კრიტერიუმს დამკვეთი უწყება თავისი გემოვნებით ადგენს, რაც კორუფციის რიკს შეიცავს.

მართალია, ინფორმაცია ამ კონტრაქტების შესახებ სრულად იდება ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მაგრამ ეს წესი არაკონკურენტულია და გაუმჭვირვალე, რადგან 5 ათასიანი ზღვარი სინამდვილეში ძალიან უხეში და პირობითია. იგივე კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამონაკლისებსაც უშვებას, როცა გამარტივებული კონტრაქტების დადება ნებსმიერ სახელმწიფო უწყებას, ნებისმერი თანხის შესყიდვაზე შეუძლია, თუკი ამაზე მთავრობის ნებართვა არსებობს. წინა ხელისუფლების დროს ამ ნებართვას პრეზიდენტიც გასცემდა, რაც ახალი მთავრობის პირობებში გაუქმდა, მაგრამ მთავარი საკანონმდებლო ხვრელი ძალაში დარჩა და ძველებურად სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კანონის მიხედვით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,“ შესყიდვების განხორციელება დადგინდება საქართველოს მთავრობის ნებართვით გამარტივებული შესყიდვის (პირდაპირი შესყიდვის) წესის გამოყენების საფუძველზე. მაგრამ არც ჩარჩო კანონი და არც მეორადი კანონმდებლობა არსად განმარტავას, რა არის „საზოგადოებრივი მოვლენა“ ან რა პერიოდს გულისხმობს „შეზღუდული ვადები“. ამას მთლიანად დამკვეთი უწყება წყვეტს, რაც არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება.

„საქართველოში ინფორმაციის მოძიება უფრო ადვილია, ვიდრე იტალიაში ან გერმანიაში, მაგრამ იქ სახელმწიფო უწყებას არ შეუძლია საკუთარი ნებით და დისკრეციით განახორციელოს 200-300 მილიონიანი შესყიდვა, ამას კანონი აკონკრეტებს. ჩვენი სისტემა ძალიან ღიაა თავისუფალი ინფორმაციის მოპოვების კუთხით, მაგრამ სიღრმისეულ საკითხებში პრობლემაა,“- განმარტავს ჭანტურია. „ ეს (ბუნდოვანი) მუხლი მთელ სისტემას უსვამს ხაზს. 5 ათას ლარზე მეტის დაშვება გამარტივებული კონტრაქტით უკვე ძალიან მაღალი რისკის შემცველია, რადგან 50-500 მილიონიან კონტრაქტებზეა საუბარი“.

თანაც, როგორც კვლევამ აჩვენა, არსებობს გარკვეულ დროში თანხვედრა გამარტივებული კონტრაქტების მომპოვებელ კომპანიებსა და მათი მფლობელების მიერ მმართველი პარტიის ანგარიშზე გადარიცხულ თანხებს შორის. როგორც წესი, მსხვილ სახელმწიფო შესყიდვაზე კონტრაქტის მოპოვებამდე ერთი ან ორი თვით ადრე, კომპანიის მფლობელები სოლიდურ თანხებს რიცხავენ მმართველი პარტიის ანაგრიშზე. ეს თანხობრივი შეწევნა ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. მაგალითად, 2012 წლის აგვისტოში კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ ოთხივე დამუფძნებელმა [თითოეული 25%-ს ფლობს] 13.500 ლარი გადარიცხა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე. აქედან, ორი ჩარიცხვა ერთ დღეს, 9 აგვისტოს განხორციელდა, მესამე -10 აგვისტოს, მეოთხე - 17 აგვისტოს. ჩარიცხვიდან მოკლე დროის შემდეგ კომპანიამ 350 ათასი ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო სახელმწიფო შესყიდვებზე 4 გამარტივებული კონტრაქტით. ასეთი 50-ზე მეტი მაგალითი არსებობს. 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობის სახით სულ 6.6 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო დონორების მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 160 მილიონი ლარის კონტრაქტები მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს“ მიერ მოკვლეული სტატისტიკით, 2011 წელს გამარტივებული კონტრაქტებით 959 მილიონი ლარის შესყიდვები განხორციელდა, რაც საერთო რაოდენობის 45%-ია . 2012 წელს თანხამ 1,17 მილიარდ ლარი შეადგინა, რაც შესყიდვების საერთო რაოდენობის 55%-ია და გადააჭარბა ღია ტენდერების შესყიდვების რაოდენობას. 2013 წელს, ახალი ხელისუფლების პირბებში 9 თვის მანძილზე მხოლოდ 450 მილიონი ლარის გამარტივებული კონტრაქტები დაიდო, რითაც სახელმწიფომ შესყიდვებზე გამოყოფილი თანხის 18% დაზოგა, რადგან ღია ტენდერები მაღალ კონკურენციას და დაბალ ფასს უზრუნველყოფს. შესაბამისად, თუკი ”ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნებამდე, 2012 წლის აგვისტოში გამარტივებული კონტრაქტებით რეკორდული ციფრი აჩვენა, 172 მილიონის ღირებულების კონტრაქტები დადო, ეს ციფრი მკვეთრად დაეცა (თვეში 21 მილიონამდე) არჩევნების მერე, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. თუმცა ნელ-ნელა ტენდენცია ისევ მაღლა წავიდა და 2013 წლის აგვისტოში ამ თანხამ 73 მილიონს მიაღწია. ბოლო პერიოდის ანალიზი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ თუ კანონში ხვრელი არ აღმოიფხვრება, ლეგალიზებული კორუფციის ცდუნება სულ იქნება და ვერც ვერავინ დასჯის, რადგან კანონი არ ირღვევა.

„როცა კომპანია ტენდერის გვერდის ავლით სახელმწიფო შეკვეთას იღებს და მერე ურიცხავს მმართველ პარტიას თანხას, დიდი ალბათობით არის კორუფცია, მაგრამ არ არის სამართლადარღვევა და ვერავინ გამოიძიებს. აქ არის არა აღსრულების, არამედ კანონის პრობლემა,“ - განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს“ ანალიტიკოსები. კანონი იძლევა საშუალებას, სახელმწიფო უწყებამ დაადგინოს, რა არის „მნიშვნელოვანი ღონისძიება“, რაც ერთანაირი წარმატებით შეიძლება მიუსადაგო როგორც გასართობ კონცერტს, ისე სახელმწიფოსთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე პროექტს. „სანამ ეს კანონია, ეს ცდუნებაც იქნება,”- ამბობს ჭანტურია.

ნინო ფაცურია