კუბის სიგარების გაყიდვები რეკორდულ დონეზეა

კუბის ლეგენდარული სიგარების გაყიდვები ჩინეთში დიდი ტემპით იზრდება, რისი წყალობითაც, მათი მწარმოებელი კომპანია „ჰაბანოსი“ რეკორდულ მოგებას ითვლის.

კუბის სიგარების ყოველწლიურ გამოფენზე, კომპანიამ გამოაცხადა, რომ შარშან მისი შემოსავალი 12 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ 500 მილიონ დოლარს მიაღწია.

„ჰაბანოსის“ 50 პროცენტი კუბის სახელმწიფოს კუთვნილებაა, ნახევარს კი ბრიტანული კომპანია „იმპერიალ ბრენდსი“ ფლობს. ჩინეთში, რომელიც „ჰაბანოსისთვის“ მესამე საექსპორტო ქვეყანაა (ესპანეთის და საფრანგეთის შემდეგ, შარშან გაყიდვები 33 პროცენტით გაიზარდა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ლოპესი ამბობს, რომ ჩინეთს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს მასშტაბით, სიგარების უდიდესი ბაზარი გახდეს.

„ჰაბანოსი“ კუბური სიგარების მონოპოლისტი მწარმოებელია. ის უშვებს ისეთ ცნობილი ბრენდის სიგარებს, როგორებიცაა „კოჰიბა“, „მონტეკრისტო“ და „პარტაგასი“. მის საწარმოებში სიგარებს ახლაც ხელით ახვევენ და მიჩნეულია, რომ ამ ბრენდებით საუკეთესო პროდუქტი მზადდება. ჰავანას კუბის სიგარების ფესტივალი, მთელი მსოფლიოს სიგარების გურმანებს უყრის თავს. რა თქმა უნდა, იქ სიგარებით მოვაჭრე უამრავი კომპანიაც ჩადის, რომლებიც ადგილზე აფორმებენ კონტრაქტებს. ეწყობა ტურები თამბაქოს პლანტაციებსა და საწარმოებში.