24 წლის ქართველმა აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის კომპანია შექმნა

ხელოვნური ინტელექტის როლი მსოფლიოს მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტების პროგნოზით, ამ დარგის განვითარება ადამიანურ რესურსს თანდათან ჩაანაცვლებს. კომპანიების ნაწილმა უკვე აქტიურად დაიწყო ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა. ერთ-ერთი ამგვარი კომპანიაა Palatine Analytics-ი, რომლის თანადამფუძნებელი 24 წლის ქართველი, არჩილ ჭეიშვილია. მან ხელოვნური ინტელექტის კომპანია ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების დამთავრების შემდეგ, 2 თანამოაზრესთან ერთად შექმნა.

როგორც Allnews.ge-ს თავად უამბობს, კომპანია აშშ-ში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს, ხოლო მისი ბრუნვა თვეში 25%-ით იზრდება. Palatine Analytics-ი მსხვილ კომპანიებს ადამიანური რესურსის სწორად მართვაში ეხმარება. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თანამშრომლების განწყობის, პროდუქტიულობის, მოტივაციისა თუ სამომავლო გეგმების ანალიზი ხდება,

რის შემდეგ კი არჩილ ჭეიშვილისა და მისი მეგობრების მიერ შემუშავებული პროგრამა აფასებს, რამდენად შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა თანამშრომელმა დაკავებული პოზიცია დატოვოს, რა არის ამისი მიზეზი, შეუძლია თუ არა მას პროფესიულად გაიზარდოს, აინტერესებს თუ არა საკუთარი საქმიანობა. აღნიშნულის შესწავლის შემდეგ კი Palatine Analytics-ი კონსულტაციას უწევს კომპანიებს, როგორ შეინარჩუნონ ღირებული კადრები და როგორ გაზარდონ მათი მოტივაცია და პროდუქტიულობა.

"ჩვენ, კომპანიის დამფუძნებლებს ეს იდეა ჰარვარდის უნივერსიტეტის სასადილოში დაგვებადა. შევამჩნიეთ, რომ ყველა კომპანიაში თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და მათ მიერ სამსახურისადმი ინტერესის დაკარგვის პრობლემა იდგა. შედეგად, ასეთი კადრები კომპანიებს ტოვებდნენ, ახალი თანამშრომლის აყვანა და მისთვის სწავლება კი დროსა და ხარჯებს მოითხოვს, რაც კომპანიებისთვის წამგებიანია. ასევე მე და ჩემი მეგობრები დაინტერესებულები ვიყავით ხელოვნური ინტელექტით, მსჯელობის შედეგად კი ამ ორი საკითხის შერწყმა და Palatine Analytics-ის დაარსება გადაწყდა," - იხსენებს არჩილი.

24 წლის ახალგაზრდას მიერ დაფუძნებული კომპანია უკვე წელიწადნახევარია ფუნქციონირებს.

"ჩვენი სისტემა სამი მთავარი ნაწილისგან შედგება. კომპანიების თანამშრომლები შემოდიან ჩვენს ვებსაიტზე, გაივლიან შეკითხვების გარკვეულ ეტაპებს და მიიღებენ შედეგს, მაგალითად, რა აქვთ დასახვეწი და რა მიზეზით. შემდეგ ხდება ამ მონაცემების ანალიტიკა და ინფორმაციას ვაწვდით კომპანიის მენეჯმენტს, თუ რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მის დასაქმებულს. ასევე ვაკვირდებით, დროთა განმავლობაში მათი უნარები როგორ იცვლება და ვახდენთ პროგნოზირებას, თუ აღნიშნული თანამშრომლის განწყობების შედეგად მისი მომავალი როგორი იქნება. ეს კომპანიებს ეხმარება, რომ მათი თანამშრომლები რაც შეიძლება სწრაფად განვითარდნენ.

გაგრძელება იხილეთ