გერმანიის ექსპორტ-იმპორტში ავტომობილები ლიდერობენ

გერმანიის ექსპორტის ლიდერად ავტომობილები რჩება. გერმანიიდან 2017 წელს ექსპორტირებული ავტომობილებისა და მათი სათადარიგო ნაწილების ღირებულებამ ჯამში 234,4 მილიარდი ევრო შეადგინა.

როგორც ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი წილი საერთო ექსპორტში 18,3%-ია და ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბოლო რვა წელია ყველაზე ექსპორტირებადი დარგია, - წერს Reuters-ი. ავტომობილების შემდეგ კი მოდის მანქანა-დანადგარები 186,6 მილიარდი ევროთი და ქიმიური პროდუქცია 114,7 მილიარდით.

რაც შეეხება იმპორტს, ექსპორტის მსგავსად აქაც იმპორტში ავტომობილები ლიდერობენ. გასულ წელს გერმანიამ უცხოურ ავტომობილებზე და სათადარიგო ნაწილებზე 114,6 მილიარდი ევრო დახარჯა. მეორე ადგილზეა მონაცემთა დამამუშავებელი დანადგარები, ელექტროტექნიუკური და ოპტიკური მოწყობილობები 112,7 მილიარდით. ხოლო მესამეა მანქანა-დანადგარები 80,5 მილიარდით.

ცოტა ხნით ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ექსპორტმა გასულ წელს ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 6,3%-იანი ზრდით 1279,4 მილიარდი ევრო შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, გერმანიაში ისიც გაიზრდა 8,3%-ით და 1034,6 მილიარდი ევრო შეადგინა.

კოკა კვირკველია