თბილისის შემოვლითი გზის განვითარებისთვის სოციოლოგიური გამოკითხვა ტარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის შემოვლითი გზის განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობისა და მიმართულებების დასადგენად სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა ტარდება შემდეგ წერტილებში: თბილისი-ნატახტრის გზა, ლოჭინის ხიდი 21-ე კმ, ზემო ფონიჭალა - მარნეულის მიმართულებით, თბილისი-რუსთავი 14-ე კმ.

"დღეს, 16 მაისს, ჩატარდა კვლევის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებში ინტერვიუერებმა გამოკითხეს აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლები. გამოკითხვასთან ერთად, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდა ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, მათი კატეგორიების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის დახმარებით ტარდება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, თბილისის შემოვლითი გზის ახალი პროექტი მნიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო მოძრაობისათვის, ასევე თბილისში მოძრაობის განტვირთვისა და მგზავრობის დროის შემცირებისთვის.