როგორ გადავურჩეთ დამანგრეველ მიწისძვრას

ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს მეზობელ სომხეთში, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს, რომელიც ისედაც აქტიურ სეისმურ ზონაშია, უფრო დიდი საფრთხე დაემუქრა.

შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია. თუმცა შეცვლილ პოლიტიკურ რეალობას მშენებლობის სფეროში ხანგრძლივი­ უძრაობა და სამეცნიერო სამუშაოების შეწყვეტა მოჰყვა. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით­ უანალოგო ზავრიევის სამეცნი­ერო ინსტიტუტი და "თბილზნიეპი" არა მხოლოდ სხვა ქვეყნებს ვეღარ კარნახობდნენ მიწისძვრისგან თავდასაცავ სიახლეებს, მინიმალურ კვლევებსაც ვეღარ ატარებდნენ - კრიზისულ საქართველოში მეცნიერებისთვის დასახარჯი ფული დეფიციტი გახდა.­ მოგვიანებით, რეფორმების სახელით, სეისმურ პრობლემებზე მომუშავე ინსტიტუტები საერთოდ გააუქმეს. როგორც ვარაუდობენ, ამ გადაწყ­ვეტილების მოტივი ის იყო, რომ ხარისხიან მშენებლობას მნიშვნ­ელოვანი კვლევები, მათ შორის სეისმომედეგობაზეც სჭირდება­, ეს კი თანხებს მოითხოვს, რაც თურმე მშენებლობას აძვირებს და შესაბამისად, მშენებელს, დეველოპერსა და ხშირ შემთხვევაში­ მათ ზურგს უკან მყოფ მოხელეებს მოგებას უმცირებს. ძნელია, მოკვლევების გარეშე კონკრეტული პირების დადანაშაულება, თუმცა, ექსპერტების თქმით, ნათლად ჩანს სამშენებლო სფეროსა და კანონმდებლობაში გატარებული ე.წ. რეფორმების უმძიმესი შედეგი - უკონტროლო მშენებლობები.

როგორ შეიძლება შეფასდეს მოსალოდნელი საფრთხე, რომლის წინაშე საქართველო და განსაკუთრებით თბილისი დგას? ექსპერტების თქმით, სწორედ ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტების გაუქმების გამო ამის თქმა შეუძლებელია. კერძოდ, უნდა შეისწავლონ, რა ტიპის შენობა-ნაგებობებისგან შედგება თბილისი, როგორია მათი ხანდაზმულობის ვადა, რა უსაფრთხოების ნორმებია გამოყენებული და როგორ შეიძლება ეშველოს უკვე ავარიულ შენობებს. ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ ქალაქის ერთი ნაწილი მანამდე აშენდა, ვიდრე სეისმომედეგობის საკითხი წამოიჭრებოდა, უფრო დიდი ნაწილი კი გასული საუკუნის 60-დან 80-იანი წლების ბოლომდე პერიოდში განაშენიანდა და მაქსიმალური სეისმოგამძლეობა 7 ბალზეა გათვლილი. ექსპერტების განმარტებით, საგანგებო კვლევების გარეშეც ჩანს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში აშენებულ შენობებში, ფაქტობრივად, არ გამოუყენებიათ სეისმოიზოლაცია. უსაფრთხოების ასეთი მეთოდი მხოლოდ გმირთა მოედნის ესტაკადებზეა გათვალისწინებული.

სად ვცხოვრობთ?

"კვირის პალიტრა" შეეცადა მერიაში გაერკვია, არის თუ არა რეგისტრირებული, რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც აშენდა 1960 წლამდე და 1990 წლამდე; "მშენებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობა გათვლილი უნდა იყოს 8 ბალზე, იგეგმება თუ არა იმ შენობა-ნაგებობების გამაგრება, რომელთა სეისმომედეგობა მხოლოდ 7 ბალზე ან ნაკლებზეა გათვლილი; მოსალოდნელი მიწისძვრისგან დასაცავად თუ იგეგმება სეისმოიზოლატორების დანერგვა?

მერიაში გვიპასუხეს, რომ შენობა-ნაგებობების წლოვანების ან სეისმომედეგობის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა და არც სტატისტიკა არსებობს, ახლა დავიწყეთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია და პირველ ეტაპზე ძველ თბილისში არსებულ სახლებს შევისწავლითო.

ახალი გენგეგმის დაწუნების მიზეზი კვლევების უქონლობაც ყოფილა. სანამ სახელმწიფო ამ პრობლემით დაინტერესდე­ბა, თუ ვინმეს სურს გაიგოს, როგორ სახლში ცხოვრობს, შეუძლია დაიქირაოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს შენობის მდგომარეობას და შეუძლია ხარვეზების აღმოფხვრაზე იზრუნოს. მით უფრო, რომ მშენებლობის დარგში ევროკავშირის ექსპერტი მალხაზ ბედიაშვილი გვაიმედებს, რომ გამოსავალი არსებობს:

- გამოსავალია სეისმოიზოლაციური სისტემების გამოყენება, როგორც ახალი მშენებლობის დროს, ისე ავარიულ და საუკუნის წინ აშენებულ ნაგებობებში. მიუღებლად მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ სეისმოიზოლაციები მშენებლობებს აძვირებს. ადამიანის სიცოცხლე ხომ ყველა ეკონომიკურ ხარჯს აღემატება და შეუფასებელია? ამიტომ სეისმოიზოლაციით აღჭურვა უნდა დავიწყოთ დაბალსართულიანი შენობებიდან, საბავშვო­ ბაღებიდან, სკოლებიდან, საავადმყოფოებიდან და იმ ორგანიზაციების ოფისებიდან, რომლებმაც მიწისძვრის დროს სამაშველო ოპერაციები უნდა მართონ.

2007 წლიდან ვცდილობთ ხელისუფლებები დავარწმუნოთ, რომ აუცილებელია ამ უაღრესად აქტუალური პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. არადა, ძალიან საშურია, რადგან საქართველოში ბოლო საუკუნის მანძილზე 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა და ნახევარი დამანგრეველი იყო. მოსალოდნელია 8-9-ბალიანი მიწისძვრების გამეორება, რაც პროფესიონალთა ენაზე 7-7,5 მაგნიტუდის ტოლფასია. 2002 წლის მიწისძვრამ თბილისს 24 000 ავარიული შენობა დაუტოვა. ამიტომ მუდმივად უნდა ვიკვლიოთ ახალი სისტემები, რომლებიც დაიცავს მოსახლეობას და გადაარჩენს საუკუნოვან კულტურულ ძეგლებს განადგურებისგან.

სეისმოიზოლატორი არის მაღალხარისხოვანი რეზინისა­ და ლითონის ფირფიტის ფენებით შეკრული საყრდენი. მას საძირკველსა და შენობას შორის სპეციალურად დატოვებულ ღრეჩოში ამაგრებენ

რას ნიშნავს სეისმოიზოლაცია?

- ეს სისტემა, საქართველოს გარდა, ათვისებულია ყველა სეისმოაქტიურ ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც მიწისძვრის ალბათობა 8-9 ბალია. 100-ზე მეტი სეისმოიზოლაციური სისტემის პატენტი არსებობს. ყველაზე ხელმისაწვდომად რეზინლითონის სეისმოიზოლატორების გამოყენება მიგვაჩნია და მის ათვისებას ვცდილობთ სომეხი, სლოვენიელი და იტალიელი სპეციალისტების მეშვე­ობით...

ეს არის მაღალხარისხოვანი რეზინისა­ და ლითონის ფირფიტის ფენებით შეკრული საყრდენი. მას საძირკველსა და შენობას შორის სპეციალურად დატოვებულ ღრეჩოში ამაგრებენ. მიწისძვრისას მოძრაობს იზოლატორების ქვემოთ მოქცეული ნაწილი, იზოლატორების ზემოთ მოქცეული შენობა კი უძრავია. საძირკველში­ შემავალი ენერგიის დიდი ნაწილი აკუმულირდება და გაიფანტება რეზინლითონის სისტემაში. შესაბამისად, შენობა აღარ ირხევა და აღარ არის ნგრევის საფრთხე. სეისმოიზოლატორით მიწისძვრის ზემოქმედება 1,5-2 ბალით მცირდება. თუ თბილისში 8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, სეისმოიზოლატორი დარტყმას 6 ბალამდე შეამცირებს, ანუ უფრო ნაკლები ძალა მოედება შენობას. ეს გადაარჩენს ნულის, ანუ მიწის ზემოთ შენობას სრულად - კონსტრუქციები არ დაინგრევა და ადამიანებიც არ დაიღუპებიან. სეისმოიზოლატორის გარეშე 7-ბალიანი მიწისძვრის დროს ტიხრები, კომუნიკაციები, ბინებში ავეჯი - ყველაფერი იმსხვრევა, სეისმოიზოლატორი კი საძირკველშივე ახშობს მიწის რყევის შედეგად გაჩენილ ენერგიას, რეზინისა და ლითონის ფენები იძლევა საშუალებას, მიწის მოძრაობას მიჰყვეს... ასეთ შემთხვევაში საქართველოშიც ისევე მარტივად გადავიტანთ ძლიერ მიწისძვრას, როგორც იაპონიაში, სადაც დამანგრეველ სტიქიას, ფაქტობრივად, "ლაგამი ამოსდეს."

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 5 მარტის ნომერში

ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია