ბაჩანა ლომსაძე პირველი ქართველია, რომელსაც ”სილიკონ ველზე” მდებარე სანტა-კლარას უნივერსიტეტში საკუთარ ლაბორატორიას (Lomsadze lab) გაუხსნიან.
ახალგაზრდა მეცნიერი ცოტა ხნის წინ სანტა-კლარას უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, რაც გულისხმობს სავალდებულო სალექციო კურსების წაკითხვას, საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნას, სტუდენტების ხელმძღვანელობას, გრანტების მოძიებას, კოლაბორაციას სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებთან. ლომსაძე გეგმავს, რომ გაცვლითი პროგრამა სანტა-კლარას უნივერისტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორისაც ჩამოაყალიბოს.
საკუთარ ამერიკულ ოცნებაზე ქართველი მეცნიერი AMBEBI.GE-ს ესაუბრება:
”სანტა-კლარას უნივერსიტეტის მიერ ჩემი პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის შემოთავაზება საკმაოდ გრძელი და რთული კონკურსის გავლის შემდგომ მოხდა. უნივერსიტეტში იყო ერთი საკონკურსო ადგილი ფიზიკაში პროფესორის თანამდებობაზე. შერჩევაში 250-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე 20 ადამიანი შეირჩა ავტობიოგრაფიის, გამოქვეყნებული შრომების და სარეკომენდაციო წერილების მიხედვით. კიდევ უფრო „მოკლე სიაში“ მოხვედრა (4 კანდიდატი) გულისხმობდა „სკაიპით“ ზეპირ გასაუბრებას და შემდგომ ადგილზე, უნივერსიტეტში ჩასვლას და 2-დღიან გასაუბრებას.
გასაუბრება მოიცავს თითოეულ ადგილობრივ პროფესორთან, დეკანთან და უნივერსიტეტის რექტორთან 1-საათიან ინტერვიუებს. ამის შემდგომ აპლიკანტს სამეცნიერო გეგმებზე მოხსენების და საუნივერსიტეტო კოლოქვიუმის გაკეთება მოეთხოვება. მნიშვნელოვანია ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვისაც, ვინაიდან მათი აზრის გათვალისწინება შეფასებაში როგორც წესი, განმსაზღვრელია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხანგრძლივი პროცესისა და მკაცრი კონკურენციის პირობებში უნივერსიტეტმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა.
გარდა ამისა, აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის „მოკლე სიაში“ ვარ მოხვედრილი, შემოთავაზებებიც მაქვს პროფესორის თანამდებობაზე. თუმცა სანტა-კლარას საგანმათლებლო ცენტრი ავირჩიე, რადგან ის ითვლება ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტად აშშ-ში, რომლის სტუდენტობაც საამაყოა, თუმცა მაღალი საფასურისა და დიდი კონკურენციის გამო საკმაოდ რთულია. უნივერსიტეტი მდებარეობს „სილიკონ ველზე“, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიების ცენტრია. იგი ძალიან ახლოსაა სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებთან, სადაც კოლაბორაციები მაქვს დაგეგმილი.
- რა სახის პროექტებზე იმუშავებთ თქვენს ლაბორატორიაში?
- მე შევქმენი ახალი ლაზერული სპექტროსკოპიის მეთოდი. იგი საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ნივთიერებების თვისებები რეალურ დროში შევისწავლოთ, დავაკვირდეთ ქიმიურ რეაქციებს და პასუხი გავცეთ ფუნდამენტური ფიზიკისა და ქიმიის საკითხებს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ჩემს ლაბორატორიაში ამ მეთოდით ვაპირებ კვლევების გაგრძელებას. ვუხელმძღვანელებ ფიზიკის, ქიმიის და საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს, გამოაქვეყნებენ სამეცნიერო შრომებს და მიენიჭებათ ხარისხი.
- როგორ და როდის დაიწყეთ თქვენს მიერ შემუშავებულ ინოვაციურ მეთოდზე მუშაობა?
- ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლის დროს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობამ და გამოჩენილ მეცნიერებთან დისკუსიებში აქტუალური საკითხების განსჯა-განხილვამ მომცა საშუალება გავცნობოდი, თუ რა კვლევები ტარდებოდა მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჯგუფებში. ძალიან დამაინტერესა ლაზერულმა სპეკტროსკოპიამ და მათ გამოყენებამ როგორც ფუნდამენტურ კვლევებში, ასევე პრაქტიკული მიზნებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს უნივერსიტეტებში არ იყო სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამა ამ მიმართულებით. ამიტომ 2008 წელს ჩავირიცხე სადოქტორო პროგრამაზე კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეში, სრული დაფინანსებით. ის ითვლება ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ლაზერულ სპექტროსკოპიაში. სამეცნიერო პროექტი, რომელიც ჩემს წინაშე დაისვა, გახლდათ - ატომებისა და მოლეკულების გაციება ლაზერების მეშვეობით და მათი თვისებების და დინამიკის შესწავლა მოკლე-ხანგრძლივობის იპულსების მქონე ლაზერების გამოყენებით. ეს კვლევები კვანტური კომპიუტერების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. დასმულ ამოცანას წარმატებით გავართვი თავი.
2012 წელს, 26 წლის ასაკში, მომენიჭა სადოქტორო ხარისხი და კვლევითი სამუშაოების სრულყოფის მიზნით მიმიწვიეს კოლორადოს უნივერსიტეტში და მასთან არსებულ გაერთიანებული ასტროფიზიკის ლაბორატორიების ინსტიტუტში (JILA), როგორც მკვლევარი მეცნიერი. JILA-ში მოღვაწე 5 მეცნიერს ნობელის პრემია აქვს მიღებული.
სწორედ ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდი ახალი ლაზერული მეთოდის შექმნასა და დახვეწაზე, რომლის სრული რეალიზაცია მიჩიგანის უნივერსიტეტში მოვახდინე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ მოლეკულებისა და ნახევარგამტარული ნივთიერებების სტრუქტურის, თვისებების და დინამიკის შესწავლა უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით. ჩემ მიერ აღმოჩენილ ამ ახალ მეთოდს პრაქტიკული გამოყენებაც აქვს. ამ მეთოდით ამიერიდან შესაძლებელი იქმნება მომწავლელი ნივთირებებისა (აირების) და ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტექტირება დისტანციურად, ძალიან მოკლე დროში (წამებში). ეს მნიშვნელოვანია აეროპორტების, საზღვაო პორტების და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების დასაცავად. ჩემი ექსპერიმენტის შედეგები ეტაპობრივად ისახებოდა პრესტიჟულ ჟურნალებში. მიღებული შედეგების აქტუალობიდან გამომდინარე ის ჟურნალმა „ოპტიკისა და ფოტონიქსის სიახლეები” 2017 წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. ეს მეთოდი წარდგენილი მაქვს პატენტზე, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ექსპერტიზა.
- საკმაოდ პატარა ასაკში მიაღწიეთ წარმატებას. მეცნიერებით პატარაობიდანვე იყავით დაინტერესებული? როგორი იყო თქვენი პირველი კავშირი მეცნიერებასთან?
- სკოლის ასაკში დაინტერესებული ვიყავი არა მარტო ტექნიკური, არამედ ჰუმანიტარული საგნებითაც. ვსწავლობდი ხელოვნების კოლეჯში. დამთავრებული მაქვს შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. ხელოვნების კოლეჯში დადგმულ სპეკტაკლებში მთავარ როლსაც ვასრულებდი. დაახლოებით 10 წელი აქტიურად ვიყავი ჩართული მოცეკვავეთა ანსამბლ „პატარა ვარსკვლავებში“. ვმონაწილეობდი ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალზე. დაჯილდოვებული ვარ სიგელებით.
ერთი პერიოდი მსახიობობასაც ვაპირებდი. თუმცა, ჩემი ინტერესი მეცნიერების მიმართ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სკოლის პერიოდშივე მონაწილეობას ვიღებდი მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. ფიზიკის დარგში არაერთი სასკოლო და რესპუბლიკური კონფერენციის გამარჯვებული ვარ და მიღებული მაქვს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაცემული სპეციალური პრიზი საუკეთესო მოხსენებისთვის. ჩემი პირველი სტატია ჟურნალში - „ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში” ჩემი მოსწავლეობისას გამოვაქვეყნე. იხილეთ გაგრძელება