თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ვახტანგ ლომჯარია პროფესიით ეკონომისტი, ფინანსისტი და საჯარო მმართველობის სპეციალისტია.
„მას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. ამჟამად, გადის დოქტორანტურას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება. ასევე, დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვახტანგ ლომჯარიას აღნიშნულ პოზიციაზე წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ ახალი გუნდი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ახალი ხედვით საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
„ვფიქრობ, რომ მისი განათლება და გამოცდილება ნამდვილად წაგვადგება ამ საქმეში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბოლო პერიოდში იყო საზოგადოების, ცხოველთა უფლებების დამცველების ყურადღების ცენტრში - იყო ბევრი შენიშვნა, პრეტენზია, სურვილი და დარწმუნებული ვარ, ახალი გუნდი ამ სააგენტოში ახალი ხედვებითა და საქმიანობით დააკმაყოფილებს, როგორც ქალაქის საჭიროებებს, ასევე, არასამთავრობო სექტორის თუ საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, აღნიშნული სამსახური ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე იქნება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ცხოველთა უფლებებზე იზრუნებს.
ვახტანგ ლომჯარიამ თბილისის მერს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და დაინტერესებულ პირებთან მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
„გააზრებული გვაქვს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენი საქმიანობა სისტემის მეტი სამართლიანობისა და ჰუმანურობისკენ იქნება მიმართული. ცხადია, ცხოველებთან დამოკიდებულება მეტად ადამიანური უნდა იყოს, თუმცა ამავდროულად, მოსახლეობის კომფორტი უნდა დავიცვათ. ჩვენ ოპონირების რეჟიმიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა სააგენტო, თანამშრომლობის რეჟიმზე გადავდივართ. მივესალმები ყველასთან შეხვედრას, კონსულტაციებს, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ და ძალიან მალე ვაჩვენებთ იმ შედეგს, რომელსაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.