რეზერვისტებს შესაძლოა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება ჰქონდეთ

სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს შესაძლოა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება შეუნარჩუნდეს.

აღნიშნულს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს.

კანონპროექტი, რომლის ავტორიც დეპუტატი კობა კობალაძეა, პარლამენტში უკვე წარდგენილია.

ამასთან, როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, სამხედრო რეზერვში ჩარიცხულ პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების თაობაზე წარმოშობილი უფლება არ შეუწყდება.

„კომპენსაციის გასაცემად აუცილებელი საჭირო ხარჯები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან დაფინანსდება. დღეისთვის, კომპენსაციის ოდენობა დაახლოებით, 200-დან 560 ლარამდეა. გამომდინარე იქიდან, რომ აქტიურ სარეზერვო სამსახურში პირთა გამოძახება თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მოხდება, წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის კომპენსაციის მიმღები პირი იქნება ჩარიცხული/გაწვეული რეზერვში ან რა ოდენობის კომპენსაცია ექნებათ მათ დანიშნული, შეუძლებელია. მით უფრო, ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელი იქნება სამობილიზაციო რეზერვის გამოძახების შემთხვევაში. რეზერვისტები წლის განმავლობაში სამხედრო შეკრებებს გაივლიან არაუმეტეს 45 დღის ვადით. ამდენად, კომპენსაციის მიღების უფლება პირს არ შეუწყდება - აქტიური რეზერვის შემთხვევაში კონტრაქტის მოქმედების ვადაში, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში 45 დღის განმავლობაში,“-ნათვამია პროექტში.