მთავრობის ადმინისტრაცია შესაძლოა დააჯარიმონ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2 000 ლარით დააჯარიმებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას არასაპარლამენტო ოპოზიცია ავრცელებს.

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" საჩივარი განიხილა. საკითხი შეეხებოდა 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში გამართულ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომას, სადაც მმართველი პარტიის წევრები და მთავრობის მეთაური ღარიბაშვილი საარჩევნო საკითხებს, სავარაუდო კანდიდატებს და პარტიულ სიას განიხილავდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული შენობა (ამ შემთხვევაში მთავრობის კანცელარია) არ შეიძლება გამოყენებული იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის.

"არასაპარლამენტო ოპოზიციამ" ცესკო-ში პრემიერ-მინისტრის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერი გამოყენება გაასაჩივრა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" საჩივარი დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც ცესკო ადასტურებს, რომ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირი კანონდარღვევით აწარმოებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. იმედი გვაქვს, ცესკოს გადაწყვეტილების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს ეცოდინება, სად არის მისი პარტიის ოფისი და სად - მთავრობის კანცელარია", - აცხადებს "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელი ცესკო-ში თენგიზ ომანიძე.