კახა კალაძე შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

"ქალაქის ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ნებართვების გარეშე მშენებლობებია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისში შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, თბილისში ბევრია ისეთი მშენებლობები, რომლებსაც სერიოზული დარღვევები აქვთ, კერძოდ, არ გააჩნიათ ნებართვა და მშენებლობა ისე ხორციელდება.

„მე ამ საკითხზე ხვალ ვაპირებ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ამას თავს ნამდვილად ვერ დავუხრით, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ეს არის ის, რასაც ვეწინააღმდეგებით თითოეული ჩვენგანი. ეს არის ქალაქის ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. მიმდინარეობს მშენებლობები ისეთი ფორმით, რომელიც არ უნდა განხორციელდეს, ხდება მშენებლობები ნებართვის გარეშე, რაც სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას დავასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო ორ თვეში, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა. ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურმა ინფორმაცია „კვირის პალიტრას“ მიაწოდა. საუბარია, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე.