ღორების მასობრივი დაცემა კვლავ განმეორდა

”ღორის აფრიკული ჭირი ადამიანმა შეიძლება ფეხსაცმლითაც კი შემოიტანოს ქვეყანაში”.ღორის აფრიკული ჭირის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანაში ამ პირუტყვის კიდევ ერთმა სასიკვდილო დაავადებამ იჩინა თავის. ეპიდემიური დიარეის ვირუსი (PEDV), რომელიც ექსკრემენტებით ვრცელდება, ჩრდილოეთ ამერიკაში ღორის მასობრივი დახოცვის მიზეზი გახდა.

ახალი ვირუსი ადამიანისთვის საშიში არ არის, მაგრამ დიდი ეკონომიკური ზარალის მოტანა შეუძლია. ის პირველ რიგში, ცხოველის საკვების მომნელებელ სისტემას აზიანებს და ასეთ შემთხვევაში, სიკვდილიანობა 80-100%-ს აღწევს.

ბოლო დროს, ღორები მასობრივად საქართველოშიც დაიხოცა. წლეულს იანვარში, ღორის კლასიკური ჭირის გავრცელების შედეგად, მეღორეობის ფერმა ”კალანდაში” 10 ათასი სული პირუტყვი დაეცა. ამ ფერმის თანადაფინანსებაში საპარტნიორო ფონდიც მონაწილეობდა და 1,3 მილიონი დოლარი გაიღო. 2012 წელს შექმნილ ფერმას ”საქართველოს ბანკიდან” კიდევ 4,4 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული.

ცოტა ხნის წინ კი ღორების მასობრივად დაცემა განმეორდა. რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ღორების ფერმაში დაახლოებით 1000 სული პირუტყვი 10 დღეში დაიხოცა. ფერმის მეპატრონის თქმით, ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ დახოცვის მიზეზი ინფექციური დაავადება პასტერელოზი იყო. თუმცა ფერმერი ეჭვობს, რომ პირუტყვი აფრიკულმა ჭირმა გაწყვიტა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში ღორის აფრიკული ცხელება არ გამოვლენილა.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” ორშაბათის (19-26 მაისის) ნომერში.