შვიდი ქართული ღვინო იაპონიაში „საკურას“ ჯილდოს მფლობელი გახდა

სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ჯილდოების მფლობელი ღვინოებია: „ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული; „ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ოქრო“ – „მწვანე 2015“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული; „ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.