თბილისის საკრებულომ ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხი დაამტკიცა. საკითხს 32 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. საკითხი სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ წარადგინა. მისი თქმით, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ააიპი, სადაც ბიბლიოთეკარები საგამოცდო ტესტირების შედეგად დაინიშნებიან.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ მერის მოადგილეს განსახორციელებელ რეფორმასთან დაკავშირებით დეტალებზე შეკითხვებით მიმართა. ოპოზიცია დაინტერესდა, მოხდებოდა თუ არა ბიბლიოთეკების და თანამშრომლების რაოდენობის შემცირება, ვინ განახორციელებს ბიბლიოთეკარების საგამოცდო ტესტირების პროცესს, ან სად გაიმართება ის. სოფიო ხუნწარიას თქმით, თბილისის ათივე რაიონში ჩატარდება კვლევა, რათა გაარკვიონ მოსახლეობასთან, რა ტიპის ბიბლიოთეკები სჭირდება და რა სერვისები უნდა ფუნქციონირებდეს იქ. ხუნწარიას თქმით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული კომპანია განახორციელებს აღნიშნულ კვლევას. მისივე თქმით, ტესტირების პროცესში ჩართული იქნება ეროვნული ბიბლიოთეკა და საბიბლიოთეკო ასოციაცია, ხოლო თავად ტესტირების პროცესისთვის ადგილი შეირჩევა. ბიბლიოთეკარებს გამოცდისთვის მოსამზადებლად გარკვეული დრო მიეცემათ და სავარაუდოდ, ეს პროცესი მაისიდან დაიწყება. ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების მთლიანი ბიუჯეტი წელს 3 მილიონი ლარი იქნება.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი ასევე დაინტერესდა კრწანისში ერთადერთი ბიბლიოთეკის ბედით, რომლის ფონიჭალაში გადატანა იგეგმება. მისი თქმით, კრწანისში არსებული ბიბლიოთეკა 5 საჯარო სკოლას ემსახურება და შესაბამისად აღნიშნულ რაიონში ამ ბიბლიოთეკის დატოვების საჭიროებაა. მან მიმართა სოფიო ხუნწარიას, ნუ დახურავენ კრწანისის აღნიშნულ ბიბლიოთეკას.