ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან წითელ ნუსხაში შეტანილი ძუძუმწოვარი - ზღვის ღორი გამორიყა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ განუცხადა, ძუძუმწოვარს სათევზაო ბადის ნაჭდევები ეტყობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზღვის ღორი სათევზაო ბადეში მოყვა, დაზიანდა და დაიღუპა.
არჩილ გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა მსგავსი სამწუხარო შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს.
„ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა დავაფიქსირეთ ზღვის ძუძუმწოვრის შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყვა. სამწუხაროდ, ძუძუმწოვარს სათევზაო ბადის ნაჭდევები ემჩნევა - სავარაუდოდ, ზღვის ღორი ბადეშია მოყოლილი, რის შედეგადაც დაზიანდა და დაიღუპა.
ძუძუმწოვრები მთელი რიგი კონვენციებით არიან დაცულები. ზღვის ღორი, რომელიც გამოირიყა, წითელი ნუსხაშია, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მაღალი პრიორიტეტის მქონე სახეობა და მისი დაცვა ჩვენი ქვეყნის ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, მეტი ძალისხმევაა ამ კუთხით გასატარებელი, რომ მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.
მისივე თქმით, ზღვის ღორი საკმაოდ დიდი ზომისაა და მსგავსი პარამეტრების ძუძუმწოვრის შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყვა პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა.
შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა არჩილ გუჩმანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.