ლონდონში დედოფლის ბაღზე ხედით მდიდრული აპარტამენტები იყიდება (+ფოტო)

„ლონდონში ბუკინგემის სასახლის მიმდებარედ Palace Street-ის პირველ ნომერში მდიდრული აპარტამენტების გაყიდვები დაიწყო.  თუ თქვენ ხართ სამეფო ოჯახისა და ზოგადად, მონარქების ცხოვრებით დაინტერესებული, ეს აპარტამენტები თქვენთვის ზედგამოჭრილია“ - წერს ბრიტანული პრესა მშენებარე ობიექტზე, რომლის დასრულებაც 2019 წელს მოხდება და სადაც აპარტამენტების შეძენა 2,5-დან 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ახლახან გამოცხადებული გაყიდვებისა, მათი 70% უკვე რეალიზებულია. შენობა 72 ულტრა მდიდრული აპარტამენტისგან შედგება, ის 27 ათასზე მეტი კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მდებარეობს ისტორიული, 1890 წელს აშენებული The Palace Hotel-ის ადგილზე, რომელიც თავის დროზე დედოფალ ვიქტორიას სტუმრებსაც მასპინძლობდა, სანამ სასახლის მესამე ფრთა არ აშენდებოდა. რეზიდენცია ზემოდან გადმოჰყურებს ბუკინგემის სასახლის ბაღებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პენტჰაუსის ყველა ბინა ერთმანეთისგან გამორჩეული იქნება უნიკალური დიზაინით. აქვეა განთავსებული უზარმაზარი სავარჯიშო დარბაზი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კერძო საცურაო აუზი. შენობაშია საკუთარი კინო-დარბაზი, ბიბლიოთეკა და გასართობი სივრცეც. რა თქმა უნდა, მას გააჩნია საკუთარი რესტორანიც.

კოკა კვირკველია