რამდენ ლარამდე იზრდება ჯარიმები ქართული ანბანის არგამოყენების გამო დედაქალაქში - მერია პირების დაჯარიმებას 1-ლი აპრილიდან დაიწყებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ქართული ანბანის გამოუყენებლობის ფაქტებზე ჯარიმები გაიზრდება. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართული დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ ანბანს და დამწერლობას პატივი უნდა ვცეთ და აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღება მიექცევა.

„პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ქართული ანბანის არ გამოყენებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. მინდა ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვო, რომ 1 აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა ამ პრობლემის გამოსწორებისთვის და 1 აპრილიდან შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება. პარალელურად კანონში შეგვაქვს ცვლილებები. დღეის მდგომარეობით, ქართული დამწერლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარით ჯარიმდება. ცვლილებების შედეგად კი, გვინდა რომ ფიზიკური პირი, ვისაც ეს საკითხი არ ექნება მოწესრიგებული 1 000, ხოლო იურიდული პირი - 3 000 ლარით დაჯარიმდეს,“-აღნიშნა კალაძემ.