კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს დემპინგურ მომსახურებას უწევდნენ.
აღნიშნულის შესახებ, კომისიაში გუშინ გამართულ სხდომაზე ისაუბრეს.
კომისიის ცნობით, ტენდერის ფარგლებში ორგანიზაციებს მომსახურებას საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად უწევდნენ. შედეგად მიღებულ ზარალს კი სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ, რითაც კონკურენციის პირობებს არღვევედნენ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისიის მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ 2017 წელს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ზარალმა „მაგთიკომის“ შემთხვევაში - 32 204 677 ლარი; ხოლო „ჯეოსელის“ შემთხვევაში - 7 781 581 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების მოთხოვნის შედეგად სხდომა 15 მარტს გადაიდო. რაც შეეხება სანქციებს, მსგავსი დარღვევის პირველ შემთხვევაში კომპანიებს გაფრთხილება მიეცემათ. დარღვევის აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმაა გათვალისწინებული. ფულადი სანქცია ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში კომპანიათა შემოსავლის 0.5-ია, რაც არანაკლებ 3 ათასი და არაუმეტეს 30 ათასი ლარის ოდენობის უნდა იყოს.