"საქაერონავიგაციის" მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ISO სერტიფიკატი მიიღო

"საქაერონავიგაციის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შპს "საქაერონავიგაციის" მეტეოსამსახურში, 2014 წლის აპრილში ISO 9001-2008 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე, სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა.

აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, BUREAU VERITAS CERTIFICATION-მა აღიარა შპს "საქაერონავიგაციის" მეტეოროლოგიური სამსახურის ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა ISO 9001-2008 მენეჯმენტის სისტემის სტანდარტთან და 2014 წლის მაისში მეტეოროლოგიურ სამსახურს შესაბამისი სერტიფიკატი მიანიჭა.

ხარისხის მართვის სისტემა გულისხმობს სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს, ამცირებს საავიაციო ინციდენტების გამომწვევ რისკებს და, რაც მთავარია, ხელს უწყობს მეტეოროლოგიური მომსახურების მუდმივ განვითარებას. გასულ წელს ISO სერტიფიკატი შპს "საქაერონავიგაციის" კიდევ ერთმა რგოლმა - საჰაერნაოსნო სამსახურმაც მიიღო.

უახლოეს მომავალში საერთაშორისო ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას გეგმავს საჰაერო მოძრაობის მართვის განყოფილებაც, რის შემდეგაც მთლიანად ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს. ცალკეული სამსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ფრენის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირებას, რაც შპს "საქაერონავიგაციის" მთავარი მიზანი და მისიაა.