რა იცვლება სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებისა და მომხმარებლებისთვის

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა.

ახალი წესის თანახმად, სავალუტო ჯიხურები 1-ლი მარტიდან ვალდებული გახდნენ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალუტის გადაცვლის შემდეგ თანხა უკან დაუბრუნონ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები თანხის უკან დაბრუნებას მხოლოდ ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში შეძლებენ, რისთვისაც ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დასჭირდებათ.

როგორც მოგეხსენებათ, არსებული მდგომარეობით, სავალუტო ჯიხურები მოქალაქეებზე ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელ ქვითარს არ გასცემდნენ, თუმცა, ახალი წესის თანახმად, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს.

ამასთან, ახალი წესით შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით სარეგისტრაციო მოთხოვნებიც მკაცრდება. კერძოდ, ახალი წესის თანახმად, პუნქტის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სებ-ში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს: დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ; დირექტორის, აქციონერის/პარტნიორის და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლეობის თაობაზე ცნობის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს.

ასევე სავალუტო ჯიხურის რეგისტრაციისთვის საჭიროა: ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება; შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში - შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან; გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ დაინტერესებული პირის მიერ, რომელსაც სურს ვალუტის გადაცვლის საქმიანობა აწარმოოს თბილისის, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, გორის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

რაც შეეხება პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართს, ის უნდა იყოს არანაკლებ 4 კვადრატული მეტრის; იზოლირებული უნდა იყოს სხვა ობიექტებისა და მომხმარებლებისგან; ამასთან, უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ სხვა ობიექტის გავლით (გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, სამორინეები, აეროპორტები, რკინიგზის და ავტოსადგურები და სხვა მსგავსი ობიექტები) პუნქტთან/ფილიალთან მოხვედრა არ იყოს შესაძლებელი.

გარდა ამისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს ყალბი ფულის ამომცნობი საშუალებით, კომპიუტერით – სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებებით.

„პირს ეკრძალება იყოს პუნქტის მფლობელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, ასევე, მისი დირექტორი ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეები, თუ ის ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს საქმიანობას, უფლებამოსილია, პუნქტის რეგისტრაციის გარეშე სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, თუ სასტუმროს მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ერთ პირზე დღიურად არ აღემატება 2 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). თუ თანხის გადაცვლის ერთ-ერთი ოპერაცია 2000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) აღემატება, სასტუმროს მფლობელი ვალდებულია განახორციელოს პუნქტის რეგისტრაცია, რეგისტრაციისათვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად,“-ნათქვამია წესში.

ამასთან, როგორც ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალ წესშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოითხოვოს.

რაც შეეხება ვალდებულებებს, სავალუტო ჯიხურები ვალდებულნი არიან სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია : „ვიყენებთ საკომისიოს“, „ვიყენებთ საყურადღებო კურსს“ „მოითხოვეთ ქვითარი“ და „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში“.

შეგახსენებთ, რომ ამ წესის გამოქვეყნებამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მოუწევთ.