გიორგი ჩხაიძე „გრეიფრუტის“ აქციების გამოსასყიდად სატენდერო შეთავაზებას აკეთებს. ამის საფუძველი კი გიორგი ჩხაიძის მიერ სს „ გრეიფრუტის “ ხმათა საერთო რაოდენობის ½-ზე მეტის შეძენაა.
ჩხაიძე ფლობს „ გრეიფრუტის “ გამოშვებულ 593 400 ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 72,769%-ს შეადგენს და სურს გამოისყიდოს სს „გრეიფრუტის“ დარჩენილი 86 069 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს „გრეიფრუტის“ გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 27,231 %-ს შეადგენს.
აქციების გამოსასყიდი ფასი ერთ აქციაზე 2,58 ლარს შეადგენს. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება კი 2018 წლის 2 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით გრძელდება.
ცნობისთვის, როგორც სატენდერო შეთავაზებაშია აღნიშნული, „გრეიფრუტის “ გამოშვებული აქციების დარჩენილი 27,231% ანუ 86 069 აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში, შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.
„სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით. შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ. სს „გრეიფრუტის“ აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შპს „ეროვნული რეესტრი“. დაგვიანებით შემოსული განაცხადები „მყიდველის“ მიერ განხილული არ იქნება,“-ნათქვამია სატენდერო შეთავაზებაში.