საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი რე-ექსპორტზე მოდის, სადაც თავის მხრივ, “ლომის” წილი, ავტომობილების რე-ექსპორტს უჭირავს, რომელიც 2017 წლის მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის 10%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს სეგმენტი რეგრესის გზაზე იდგა. უფრო კონკრეტულად კი ავტომობილების რეექსპორტი ქვეყანაში 2013 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. თუ 2013 წელს საქართველოდან 703 მლნ დოლარის ავტომანქანების რეექსპორტი განხორციელდა, ეს მონაცემი 2014 წელს 517 მლნ-მდე შემცირდა, 2015 წელს 179 მლნ, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 166 მლნ დოლარამდე დაეცა. რაც შეეხება გასულ 2017 წელს, ამ წელს ქვეყნიდან რეექსპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულებამ 234 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის 40%-ით მეტია წინა წლის მონაცემთან შედარებით.
მსგავსი გაუმჯობესების ფონზე, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ახალი რეგულაციებისთვის ემზადებიან. კერძოდ, სომხეთმა, რომელიც ავტომობილების მთავარი საექსპორტო ქვეყანაა, გადაწყვიტა მიმდინარე წელს, ქვეყანაში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შეყვანა აკრძალოს, ხოლო აზერბაიჯანმა, რომელიც ავტომობილების რეექსპორტში მესამე ადგილს იკავებს, უკვე დააანონსა მიმდინარე წელს აქციზის განაკვეთის ზრდა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებენ ბოლო 3 წლიან რეექსპორტის ვარდნას ექსპერტებიც.
როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, გასულ წელს გაზრდილი რეექსპორტის მაჩვენებელი, მეტ-ნაკლებად ბაზრის ადაპტაციას უკავშირდება და ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება წელების წინანდელ მონაცემებს.
“აქ შეიძლება ორი მომენტი გამოვყოთ, ბაზარმა მოახერხა გარკვეული ადაპტაცია და პარტნიორებს მიეწოდათ, ისეთი მანქანები, რომლებიც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან საგადასახადო მარეგულირებელი ნორმები ლიბერალურია და ეს ტენდენცია ცხადია, კარგად ისახება საერთო სურათზე. რაც შეეხება წლების მანძილზე ჩამორჩენას, აქ საქმე ჩვენს პარტნიორებში და მათ სტრატეგიაშია. საქმე ისაა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განსხვავებული სისტემა აქვთ, განსაკუთრებით რუსეთში და სომხეთში, ისინი კიდევ ზრდიან საბაჟო ტარიფებს იმპორტზე, მათ ეს სტრატეგია აქვთ არჩეული. როცა ჩვენ გვექნება ხელსაყრელი პირობები ბიზნესის წარმოებისთვის, იმპორტისათვის და რეექსპორტისათვის, ეს, რა თქმა უნდა, სტიმულს მისცემს ექსპორტს. მაგრამ, ათვლის წერტილად თუ ავიღებთ 2013 წელს იმ წელთან შედარებით ჩვენ კიდევ საკმაოდ მოკრძალებული მონაცემები გვაქვს, დაახლოებით სამჯერ ნაკლები გვაქვს იმპორტისა და რე-ექსპორტის მონაცემები, ანუ ტენდენცია კი არის გაუმჯობესების, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ რას ვადარებთ ამ ტენდენციას. თუ 2011-12-13 წლებს ავიღებთ იმ წლებთან შედარებით, ჯერჯერობით საკმაოდ მოკრძალებულ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ გვჭირდება რე-ექსპორტის გაზრდაც და ადგილობრივი წარმოების ექსპორტის გადიდებაც, სადაც გარდამავალი წარმატების რეჟიმში გვიწევს საქმიანობა”, – მიიჩნევს არჩვაძე.
არჩვაძემ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დილერები და ექსპორტიორები მოთხოვნას უნდა მოერგონ.
“სამომავლოდ ყველაფერი დამოკიდებულია თამაშის, ანუ ქცევის წესებზე სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორი საგადასახადო რეგულირების ფორმებს მიიღებს მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანა. ჩვენ არ გვჭირდება სიახლეების გამოგონება და იმის გამო, რომ იაპონური ავტომობილები გაცილებით იაფი ჯდება, ჩვენ არ უნდა ავიღოთ ორიენტაცია მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე, არამედ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ავტომობილებზე, რომელზეც არის მოთხოვნა ანუ რომელი საქონელიც ერგება იმ რეგულაციებს, რომელიც სავაჭრო პარტნიორმა ქვეყნებმა შესაძლოა აამოქმედონ”, – მიიჩნევს არჩვაძე.
ბოლო წლებში რეექსპორტის მკვეთრ ვარდნას მეზობელ ქვეყნებში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაიაც.
“ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ამგვარი ცვლილებები, გამოიწვია აზერბაიჯანში რეგულაციების გამკაცრებამ, ამ მიმართულებით, კერძოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეუძლებელია ძველი ავტომობილების შეყვანა, ანუ აიკრძალა 2005 წელზე ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების შეყვანა. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეექსპორტის მაჩვენებლებზე, ვინაიდან ჩვენი დილერების, სწორედ 2005 წელზე ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების მიწოდებაზე იყვნენ ორიენტირებულნი და რეექსპორტი ძირითადად, ხორციელდებოდა სწორედ ამ ქვეყანაში, ასევე, სომხეთიც ევრაზიის რეგიონის წევრი ქვეყანაა. შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეებსაც ძვირი უჯდებათ საქართველოდან ავტომობილების შესყიდვა გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ რეგიონს მიეკუთვნებიან. ეს არის ძირითადი მიზეზები, რამაც შეამცირა რეექსპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ინიციატივას, იგი არის გარკვეული სტიმული, მაგრამ რამდენად შეძლებენ ამ სტიმულის ხარჯზე ავტოიმპორტიორები, აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრების ათვისებას და რამდენად გადაწონის ეს სტიმული იმ რეგულაციებს, რომელიც ამ ქვეყნებში მიმდინარე წელს არის დაგეგმილი, ეს ძალიან სათუო საკითხია”, – მიიჩნევს ცომაიამ.
პაატა თურქია
წყარო: „ბანკები და ფინანსები"