"მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სამსახური, დილის ეკონომიკაც შედის იმაში, შუადღის ნაბახუსევზე გამოსვლაც და საღამოს დაისიც"

რა ღამის ეკონომიკა?! სერგი ძალიან საყვარელი და ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და მისგან მიკვირს, რომ ასეთ წინადადებას დათანხმდა , - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად ტელეპროდიუსერ სერგი გვარჯალაძის დანიშვნის თაობაზე.

„რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, რას იგონებენ?! მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური. მორჩა და გათავდა. დილის ეკონომიკაც შედის იმაში, შუადღის ნაბახუსევზე გამოსვლაც და საღამოს დაისიც. რას იგონებენ, ეს არის ხალხის აგდება და თავის თავის აგდებაც.

ღამის ცხოვრების რაიმე შემაფერხებელი თუ არსებობს, კონცეპტუალურად გაწერე. თუ რესურსი არ გყოფნის, ერთჯერადი შეხვედრა გააკეთე კლუბების ხელმძღვანელებთან, დაწერე რეკომენდაციები და გამოასწორე“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.