2010-2016 წლებში საქართველოში ჯამში, 177 საქორწინო კონტრაქტი გაფორმდა.
სპეციალისტების შეფასებით, თანდათან სულ უფრო და უფრო იზრდება კონტრაქტების მიმართ ქართველი წყვილების დაინტერესება. თუმცა, ნოტარიუსთა პალატის ცნობით, საქორწინო ხელშეკრულებებს ძირითადად შერეული წყვილები აფორმებენ, რომელთაგან ერთ-ერთი მეუღლე უცხოელია.
საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ადვოკატს ანა გორდეზიანს საქორწინო ხელშეკრულების ქვეყანაში ნაკლებად გავრცელების მიზეზად, მოქალაქეების არაინფორმირებულობა მიაჩნია.
„საქართველოს კანონმდებლობა მეუღლეებს შესაძლებლობას აძლევს, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ასევე განქორწინებისას. მიუხედავად ამისა, საქორწინო ხელშეკრულება წარმოადგენს ნაკლებად გავრცელებულ სამართლებრივ ინსტიტუტს ქართულ რეალობაში. აღნიშნულის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია, იყოს მოქალაქეებში საკმარისი ინფორმაციის არარსებობა ამ ინსტიტუტის, მისი არსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ“.
როდის უნდა დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება?
საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერ დროს - როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ აუცილებელია მისი წერილობითი ფორმით დადება და სანოტარო წესით დადასტურება.
კონკრეტულად რის საშუალებას აძლევს მეუღლეებს საქორწინო ხელშეკრულება?
ზოგადი რეგულირების მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) წარმოადგენს. მეუღლეებს შეუძლიათ, საკუთრებისთვის კანონით დადგენილი ეს წესი საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით შეცვალონ. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ, მათი შეხედულებისამებრ დაარეგულირონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. ამას გარდა, მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა ამგვარ გაერთიანებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას. საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.
არის თუ არა საკითხები, რომლებიც არ შეიძლება, საქორწინო ხელშეკრულებით გაიწეროს?
საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც ერთ-ერთ მეუღლეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა კანონის საფუძველზე რეგულირებულ იმ საკითხთა ჩამონათვალს ითვალისწინებს, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულებით, კერძოდ, ესენია: მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი, დავის შემთხვევაში – სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე რას გვეტყვით?
მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს ან შეწყდეს, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა დაუშვებელია. ზოგადი წესის მიხედვით კი, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას. დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც ერთ-ერთ მეუღლეს უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ.