სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა, თუმცა თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზია. მისივე თქმით, მგზავრებსა და დიდ სატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.
"სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია, თუმცა თურქეთის მხარეს ჯერჯერობით შეფერხებით ხორციელდება გადაადგილება. მიზეზი ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზია. შეფერხებით მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ. მგზავრებს და დიდ სატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. თურქული მხარე მხოლოდ თურქული სანომრე ნიშნით ავტომობილებს ატარებენ. ამბობენ, რომ ხარვეზი მალე აღმოიფხვრება",- აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.
გუშინ, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ გათიშული იყო საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებული იყო ორივე მიმართულებით.