თბილისის დიდუბის რაიონის მოსახლეობა, ლუბლიანას ქუჩაზე საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით, დედაქალაქის მერიასა და რაიონის გამგეობისგან, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ქუჩის სატრანსპორტო ნაწილის გაფართოვებას მოითხოვენ.
როგორც “სითი კვირას” ადგილობრივმა მცხოვრებმა ლაშა სადაღიშვილმა განუცხადა, დღის განმავლობაში ქუჩა საკმაოდ დატვირთულია სატრანსპორტო ნაკადებით, ამას ემატება ისიც, რომ ლუბლიანას ქუჩაზე განლაგებულია დედაქალაქში არსებული საავადმყოფოების უმრავლესობა, შესაბამისად ხშირად მოძრაობს სასწრაფო დახმარების მანქანები. გზის უმეტესი ნაწილი ვიწროა, ხშირ შემთხვევაში ჭირს ავტობუსის გაჩერებაზე მუნიციპალური ტრანსპორტისთვის გვერდის ავლა და ძალიან ხშირად იქმნება საავარიო ვითარება. ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუბლიანას ქუჩა დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო დაიტვირთება საავტომობილო ნაკადებით.
მისივე თქმით, განსაკუთარებით საღამოს საათებში ქუჩაზე ძალიან ხშირად იქნება საცობები, რის გამოც, ცდილობს სახლამდე მისასვლელად, აღმაშენებლის ან ბელიაშვილის ქუჩით ისარგებლოს. “ქუჩის ზომა და ავტომობილების ნაკადი ძალიან დიდ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან. საკმაოდ ბევრი სამარშუტო ტაქსი და ავტობუსი გადის ამ პატარა ქუჩას, რადგან კლინიკებისა და საავადმყოფოების უმეტესობა თბილისში ლუბლიანას ქუჩაზეა განლაგებული. სამწუხაროდ უკვე შეუძლებელი ხდება გადაადგილება დღის განმავლობაში, რადგანაც მუდმივად საცობები იქმნება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებისას. ავტობუსის გაჩერებისთვის გზა მხოლოდ ორ ადგილას არის განიერი, დანარჩენ ადგილებში კი ვიწროა და შეუძლებელია ავტობუსის გაჩერებისას მისი გვერდის ავლა, ისე რომ არ შეიქმნას საავარიო ვითარება. ცხადია ეს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, მაგრამ სერიოზული პრობლემა ექმნებათ სასწრაფო დახმარებისა და სახანძროს მანქანებსაც. იმავე დროს დღითი დღე იზრდება მშენებარე კორპუსების რაოდენობა ასეთ პატარა ქუჩაზე, რომლის მთელი სიგრძე დაახლოებით 1,6 კმ-ია”, - აცხადებს ლაშა სადაღიშვილი და სოციალურ ქსელში ლუბლიანას ქუჩაზე არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.
ლაშა სადაღიშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის მერია და დიდუბის რაიონის გამგეობა დაინტერესდებიან აღნიშნული პრობლემით და საკითხს შეისწავლიან, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გართულებები.
წყარო: city.kvira.ge